სამადაშვილი: „ნაცმოძრაობის“ პოლიტსაბჭო მხარს უჭერს მოლაპარაკებების იმ პირობებს, რომლებიც ოპოზიციამ ერთმანეთში შეათანხმა

395

შევთანხმდით, რომ პოლიტსაბჭო მხარს უჭერს მოლაპარაკებების იმ პირობებს, რომლებიც ოპოზიციამ ერთმანეთში შეათანხმა, რადგან მნიშვნელოვანია, პარტიიდან იყოს ერთიანი პოზიცია იმ პირობებთან დაკავშირებით, რომლითაც დღეს წარდგება ოპოზიცია ელჩებთან მოლაპარაკებების პროცესში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„ჩვენი სურვილია, უკვე საჯაროდ დაიწყოს დისკუსია პირობებზე, რადგან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებაც იყოს ჩართული ამ დისკუსიაში. ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი, სამართლიანი, პოლიტიკურად გამართული, სახელმწიფოებრივი ინტერესებით მოტივირებული წინადადებაა ის, რაც დღეს ოპოზიციას აქვს მომზადებული. „ქართულ ოცნებას“ თუ სურს, რომ ქვეყანა გამოვიდეს პოლიტიკური კრიზისიდან, ჩვენ მათ ამ წინადადებით ვაძლევთ სივრცეს მოლაპარაკებებისა და შეთანხმებისთვის“, – განაცხადა სამადაშვილმა.