ნადირაშვილი: ყველა მოლაპარაკება დაიწყება და დამთავრდება ახალი არჩევნების მოთხოვნით

371

„ევროპული საქართველოს“ წევრის, ირმა ნადირაშვილის განცხადებით, ოპოზიციამ გუშინდელ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ შეაჯერა პოზიციები და მთლიანი ოპოზიცის მთავარი მოთხოვნა მესამე რაუნდზე იქნება ახალი არჩევნების ქოლგის ქვეშ.

ირმა ნადირაშვილის თქმით, თუ ხელისუფლება ვერ აცნობიერებს რამდენად მძიმე იქნება ერთპარტიული პარლამენტის შენარჩუნება კრიზისის დროს და არ აპირებს დათმობისკენ ნაბიჯების გადადგმას, ყველაფერი ისე დარჩება, როგორც ახლა არის.

„ოპოზიცია, ცხადია, მესამე რაუნდის მოლოდინშია. გუშინ იყო შეკრება, სადაც საბოლოოდ დალაგდა წინადადებები, თუ როგორი მოთხოვნებით და მოლოდინებით უნდა წავიდეს ოპოზიცია ამ შეხვედრაზე და ამ მიმართულებით ცვლილებები არ არის, ანუ რაც იყო მთავარი, რომ ყველაფერი, ყველა მოლაპარაკება დაიწყება და დამთავრდება ახალი არჩევნების მოთხოვნის ქოლგის ქვეშ, ოპოზიცია ამ მოთხოვნებით მივა მესამე რაუნდზე. ჩვენ ველით რაციონალურ წინადადებას უშუალოდ ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან. საარჩევნო ადმინისტრაციისა და კოდექსის შეცვლა არის ნაბიჯები იმისთვის, რომ ჩატარდეს ხელახალი არჩევნები, სადაც შესაძლებელი არ იქნება ადამიანების ყიდვა, ოქმების გადაჯღაპვნა და არჩევნების შედეგების გაუქმება. ეს არის იარაღი ამისთვის, ხოლო რაც შეეხება ოპოზიციის მთავარ მოთხოვნას, ეს არის ისევ და ისევ ხელახალი არჩევნების მოთხოვნა, თუ ხელისუფლება ვერ აცნობიერებს რამხელა კრიზისია, თუ ვერ აცნობიერებს რამდენად მძიმე იქნება ერთპარტიული პარლამენტის შენარჩუნება ამ კრიზისის დროს და არ აპირებენ ნაბიჯების გადმოდგმას დათმობისაკენ, ამ შემთხვევაში დარჩება ყველაფერი ისე, როგორც ახლა არის. ამ ეტაპზე ოპოზიცია თავის მოთხოვნებში არის ერთიანი“, – განაცხადა ნადირაშვილმა.