აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტების დაფინანსება გაიზრდება, დაიწყება მისი ახალი საცხოვრებელი კამპუსის მშენებლობა და გაიზრდება სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის ბიუჯეტიც.
ამის შესახებ რიჟვაძემ აჭარის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე 2023 წლის ფინანსურ დოკუმენტთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება არის განათლება და ახალგაზრდობის მხარდაჭერა. ამ მიმართულებითაც იზრდება შესაბამისი პროგრამები. იზრდება როგორც დაფინანსება უნივერსიტეტის პროგრამული მიმართულებების, ასევე ჩვენ ყველამ ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აშენდეს ახალი საცხოვრებელი კამპუსი, 400 სტუდენტზე გათვლილი, რომელიც მისცემს საშუალებას როგორც აჭარის მაღალმთიანიდან, ასევე სხვა მეზობელი რეგიონებიდან სტუდენტებს, ძალიან მინიმალური გადასახადის საფუძველზე ისწავლონ და იცხოვრონ საერთო საცხოვრებელში. ვზრდით დაფინანსებას საზღვარგარეთ როგორც სწავლის, ასევე პრაქტიკის მიმართულებით. ამავე დროს, მინდა გაცნობოთ, რომ მომავალი წლიდან ავამოქმედებთ ინტენსიურ სასწავლო-მოსამზადებელ კურსებს როგორც ხულოს რაიონში, ასევე შუახევის რაიონში, სადაც ყველა აბიტურიენტს მიეცემა საშუალება მოემზადოს უნივერსიტეტში ჩასაბარებლად. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ ინფრასტრუქტურული პროგრამების დაფინანსება განათლების ინფრასტრუქტურის კუთხით, მომავალ წელს განისაზღვრება 25 მილიონი ლარით“, – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.
აჭარის მთავრობის ინფორმაციით, 2023 წელს, 200-მდე სტუდენტი საზღვარგარეთ სასწავლო პრაქტიკის დაფინანსებით ისარგებლებს. 100 სტუდენტს კი სწავლა და სტაჟირება საზღვარგარეთ დაუფინანსდება.