მდინარაძე ისევ ამბობს, რომ რიგგარეშე არჩევნები არ განიხილება, სხვა საკითხებზე მსჯელობენ

369

“ქართული ოცნების” ლიდერი, მამუკა მდინარაძე ისევ იმეორებს, რომ რიგგარეშე არჩევნები მათ პარტიაში არ განიხილება. დღეს, 4 დეკემბერს ქართული ოცნების ოფისში გამართულ ბრიფინგზე მანვე აღნიშნა, რომ ოპოზიციასთან ისაუბრებენ სხვა, ნებისმიერ საკითხზე.

“არ მჯერა, რომ ოპოზიციამ კომპრომისის, ან კონსენსუსის მნიშვნელობა არ იცის”, – ამბობს მდინარაძე და განმარტავს, რომ ხელახალი არჩევნები არ განიხილება, რადგან “ქართული ოცნება ამომრჩეველს ვერ უღალატებს”.

“რა თქმა უნდა წითელი ხაზია რიგგარეშე და ვადამდელი არჩევნები. დანარჩენ საკითხებზე, ნებისმიერ საკითხზე ვისაუბრებთ და გადაწყვეტილებაზე ვერ გავაკეთებთ კონკრეტულ პროგნოზს, რადგან გადაწყვეტილების გამოტანამდე, მოლაპარაკების მაგიდაზე სხვადასხვა ვერსია დევს, რაზეც შეთანხმების თანახმად ვერ ვლაპარაკობ”, – ამბობს მამუკა მდინარაძე.

მისივე თქმით, პოლიტიკური მოლაპარაკებების მესამე რაუნდის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

ოპოზიციური პარტიები 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევენ და პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობენ. ოპოზიცია ითხოვს ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში, ისევე, როგორც პოლიტპატიმრების გათავისუფლებას.

მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ ახალი არჩევნების ჩატარება გამორიცხულია.

ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის, ფასილიტატორი ელჩების შუამავლობით, მოლაპარაკებების ორი რაუნდი გაიმართა, მაგრამ შეხვედრები კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა. უცნობია თუ როდის გაიმართება მოლაპარაკებების მესამე რაუნდი.