ჯაფარიძის თქმით, ოპოზიციამ მნიშვნელოვანი და საინტერესო წინადადები შეიმუშავეს, რომლებსაც მოდერატორებს წარუდგენენ

444

„ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ოპოზიციურმა პარტიებმა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი და საინტერესო წინადადები შეიმუშავეს, რომლებსაც მოდერატორებს წარუდგენენ. ბადრი ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ ამ წინადადებებს მხოლოდ მოდერატორებთან კონსულტაციების შემდეგ წარუდგენენ საზოგადოებას.

ამასთანავე, ჯაფარიძემ, ოპოზიციური პარტიების დღევანდელი შეხვედრაც შეაჯამა და აღნიშნა, რომ ძალიან სასარგებლო კონსულტაციები გაიმართა.

„შედეგი არის ის, რომ ჩვენ ვართ ერთიანი, ჩვენი პოზიცია არის ერთიანი, წინადადები არის ერთიანი, რომელიც ჩამოვაყალიბეთ ძალიან მკაფიოდ ამ შეხვედრების შედეგად. არის ახალი საინტერესო კომპონენტებიც, მაგრამ, რაც მთავარია, ოპოზიციური პარტიები, ვგულისხმობ მათ, ვინც გადალახეს ზღვარი ბოლო არჩევნების შედეგად, ვართ ერთიანი ჩვენს პოზიციაში, მოთხოვნა ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით იგივეა, არის სხვა საინტერესო წინადადებიც, ჩვენი აზრით, ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი, რომელსაც ჩვენს მოდერატორებს აუცილებლად გავაცნობთ. სანამ არ გვექნება ჩვენი მოდერატორებისგან შესაბამისი თანხმობა, ჩვენ საზოგადობას ვერ გავაცნობთ ამ წინადადებებს, მაგრამ გპირდებით, რომ გავაცნობთ, როდესაც შევთანხმდებით ჩვენს მოდერატორებთან,“- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

მან ამასთანავე აღნიშნა, რომ პარტნიორი ქვეყნების დიპლომატები ყველაფერს აკეთებენ კრიზისის განსამუხტად.

„ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ელჩები თამაშობენ ძალიან დიდ როლს ქვეყნისათვის ზოგადად და კერძოდ, ამ მოლაპარაკებებში. მე მაქვს სრული ნდობა ჩვენი მოდერატორების მიმართ, ისინი არიან მოწადინებულები, რომ განიმუხტოს პოლიტიკური კრიზისი ჩვენს ქვეყანაში, აქედან გამომდინარე, მათი როლი არის ძალიან დიდი და განუზომელი,“- განაცხადა ჯაფარიძემ.