ელისაშვილი: ოპოზიციამ საერთო პოზიცია შევაჯერეთ და მზად ვართ მესამე რაუნდისთვის და ელჩებთან შეხვედრისთვის

377

პარტია „მოქალაქეების” ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ოპოზიციური პარტიები საერთო პოზიციაზე შეჯერდნენ და მზად არიან „ქართულ ოცნებასთან” მოლაპარაკებების მესამე რაუნდის გამართვისთვის.

„ცხარე დისკუსია გვქონდა. რამდენიმე საათი გაგრძელდა. აზრთა სხვადასხვაობაა, მაგრამ საერთო პოზიცია შევაჯერეთ და მზად ვართ, მესამე რაუნდისთვის და ელჩებთან შეხვედრისთვის”,- განაცხადა ელისაშვილმა.

ამასთან, მისი თქმით, ოპოზიცია ულტიმატუმის ენით არ საუბრობს და ბოიკოტთან ერთად შეთავაზებაც აქვს.

„ულტიმატუმი არ არის. ერთი მხრივ გვაქვს ბოიკოტი, მეორე მხრივ შეთავაზება. ულტიმატუმით არ ვსაუბრობთ. გვაქვს შეთავაზება, ასევე „ქართული ოცნებისთვის” კრიზისის დაძლევის ხედვა გვაქვს გაგზავნილი. ბოიკოტი, მართალია, გვაქვს და ფეხს არ ვუცვლით ამ ბოიკოტს განსაკუთრებით ჩვენი პარტია, მაგრამ მზად ვართ შევხვდეთ”,- განაცხადა ელისაშვილმა.

ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ ხელახალი არჩევნების საკითხს წითელ ხაზს უწოდებენ, ელისაშვილმა განაცხადა: „წითელია თუ ლურჯი, მაგას მესამე რაუნდზე ვნახავთ”.