ხარაგაულის საკრებულოს წევრი: საბიუჯეტო ცვლილება რეალურ საჭიროებებს არ უკავშირდება

333

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში მორიგი საბუჯეტო ცვლილება განხორციელდა. ამის შესახებ ჩემი ხარაგაული წერს.

„სათნოების სახლს“ შრომის ანაზღაურების ხარჯებისთვის 5 ათასი ლარი დაემატა. ორგანიზაციის დირექტორის, გიორგი ჩიჩილიძის განმარტებით, პანდემიის დროს საკვების შესაძენად, პროდუქტებზე გაზრდილი ფასების გამო, თანხა აღარ ეყოთ და ხელფასების მუხლიდან გადაიტანეს.

„დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანებამ“ 38 500 ლარის დამატება მოითხოვა. აქედან 17 500 ლარი შრომის ანაზღაურების შესავსებად, 3000 – ლარი უნიფორმის შესაძენად, 9000 – ლარი სატრანსპორტო ხარჯებში, 2 000 ლარი – სხვა დანარჩენი საქონელი და მომსახურეობისათვის, 7 000 ლარი – გარეგანათების ქსელის ელექტროენერგიის ხარჯის დასაფარად.

ამ ორგანიზაციის ბუღალტერი ვიტალი იჩქიტიძე განმარტავს, რომ ხელფასების მუხლიდან გადაიხადეს:

  • ნაგავმზიდი მანქანის შეძენისას დღგ-ს თანხა 5 508 ლარი;
  • საწვავისთვის – 9 000 ლარი;
  • ახალდანიშნული მოადგილის სახელფასო ანაზღაურებისთვის კი 3 ათასი ლარი სჭირდებათ.

„წელს 22 სოფელში გარეგანათების ქსელი გაფართოვდა. ივნისიდან სექტემბრის ჩათვლით ნარჩენები კიცხის ზონის, ძირულასა და ჩხერიმელას ხეობის სოფლებიდან დღეში, ერთის ნაცვლად, ორჯერ გაგვქონდა. ამიტომ ელექტროენერგიისა და საწვავის ხარჯები, დაგეგმილთან შედარებით, გაიზარდა. 9 ათასი ლარი ზამთრის საბურავების შესაძენად გვჭირდება“, – ამბობს ვიტალი იჩქიტიძე.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, ფრაქციის, „თვითმმართველობა ხალხისთვის“ თავმჯდომარე ინგა მაღრაძე მიიჩნევს, რომ ბიუჯეტი თავიდანვე არასწორად იგეგმება.

„სათნოების სახლი“ პროდუქციას ტენდერით ყიდულობს. ამიტომ შემსყიდველთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში თავიდანვე უნდა გაითვალისწინონ, რომ ფასების ცვლილება არ მოხდეს, – ამბობს ინგა მაღრაძე, – რატომ ვერ ითვლიან „დასუფთავებისა და კეთილმოწყობის  გაერთიანებაში“, რა თანხა დასჭირდებათ წლის განმავლობაში. რა საჭირო იყო მოადგილის შტატის დამატება, ამით ამ ორგანიზაციის საქმიანობა როგორ გაუმჯობესდა, ვერ ვხედავ.

ადმინისტრაციული შენობის წინ, ორ კვირაზე მეტია, ნარჩენების ურნა აღარ დგას. სამშენებლო მასალებით გაივსო და ვეღარ გავცალეთო, – მიპასუხეს.

საბიუჯეტო ცვლილება სამსახურის რეალურ საჭიროებებს არ უკავშირდება. საღანძილეში მერის წარმომადგენელი – პაატა ფცქიალაძე დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანების დირექტორის მოადგილედ იმიტომ გადმოიყვანეს, რომ ხელისუფლებას საღანძილეში თავისი მომხრეები ჰყავდა დასასაქმებელი“, – ამბობს ინგა მაღრაძე.

ცნობისთვის, საღანძილის თემში მერის წარმომადგენელი პაატა ფცქიალაძე დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანების დირექტორის მოადგილედ 2020 წლის პირველი სექტემბრიდან დაინიშნა. საღანძილის თემში მერის წარმომადგენლის თანამდებობა კი გიორგი კიკნაძემ დაიკავა.

ზემოთ აღნიშნული საბიუჯეტო ცვლილებისთვის თანხა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტში პირველი იანვრისათვის არსებული საკუთარი საბიუჯეტო სახსრების ნაშთიდან გამოიყო.

ეს საბიუჯეტო ცვლილება ხარაგაულის საკრებულომ 30 ნოემბერს რიგგარეშე სხდომაზე დაამტკიცა.