მეტროსადგური უნივერსიტეტი, სავარაუდოდ, ოქტომბრის დასაწყისში ამუშავდება. ინფორმაციას სააგენტო ipn-ი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც ფონდში აცხადებენ, თბილისის მეტროპოლიტენის 23-ე მეტროსადგურში ყველა სახის სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია. მეტროსადგურს ოთხი ამოსასვლელი ექნება და 20 სექტემბრამდე სატესტო რეჟიმში იმუშავებს.
თბილისის მეტროპოლიტენის 23-ე მეტროსადგურის მშენებლობა წლების განმავლობაში დაკონსერვებული პროექტი იყო. დედაქალაქის მეტროს მეორე ხაზის გაგრძელება დელისის სადგურიდან უნივერსიტეტის მიმართულებით 1985 წელს დაიწყო და 1993 წელს შეჩერდა. მშენებლობა 1998 წელს განახლდა და 2000 წლისთვის ვაჟა-ფშაველას სადგური გაიხსნა.
პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი აზიის განვითარების ბანკის კრედიტით ახორციელებს და მისი ღირებულება 83 მილიონი ლარია.
წყარო: იმედინიუსი