ვაშაძე: გულწრფელად ვეუბნები ყველას, საკმაოდ მძიმე ვითარებაა ოპოზიციისა და ხელისუფლების შეთანხმების თვალსაზრისით

416

პარტია „ლელოს“ ცენტრალურ ოფისში ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა შეხვედრა გაიმართა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა, ოპოზიციურმა პარტიებმა იმსჯელეს, თუ რა იქნება მათი პოზიცია მოლაპარაკებების მესამე რაუნდზე და როგორ გააგრძელებს ტაქტიკურად ოპოზიცია მუშაობას და კოორდინირებას.

“იყო ჩვეულებრივი კონსულტაციები, როგორიც მიმდინარეობს ოპოზიციურ პარტიებს შორის, თუ რა იქნება ჩვენი პოზიცია მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდზე და როგორ აგრძელებს ტაქტიკურად ოპოზიცია მუშაობას და კოორდინირებას. ორგანიზაციულად დასაგეგმია ჩვენი აქცია, რომელიც ჩატარდება პარლამენტის პირველი სხდომის პარალელურად, ასევე მოლაპარაკებების მესამე რაუნდისთვის მომზადება და საერთო ოპოზიციური მიდგომა“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით კი, ოპოზიციასა და ხელისუფლების შეთანხმების თვალსაზრისით „საკმაოდ მძიმე ვითარებაა“.

“ვისაუბრეთ ვითარებაზე, რომელიც არის როგორც პოლიტიკური, ასევე კორონაკრიზისის თვალსაზრისით, ძალიან მძიმე ვითარებაა ქვეყანაში. პირდაპირ, გულწრფელად ვეუბნები ყველას, რომ საკმაოდ მძიმე ვითარება არის ოპოზიციისა და ხელისუფლების შეთანხმების თვალსაზრისით, როგორც ჩანს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.