არ მინდა გამოვრიცხო იმის შესაძლებლობა, რომ საბოლოოდ შეთანხმება მოხდეს. ყოველ შემთხვევაში ვხედავთ, რომ ივანიშვილი ცდილობს, გარკვეულწილად, ამ შეთანხმებას ფასი თავის მხრივ გაუზარდოს და სისხლის სამართლის საქმეების აღძვრით აქეთკენ დგამს ნაბიჯებს , – ამის შესახებ “პალიტრანიუსის” გადაცემა “რეზიუმეში” სტუმრობისას “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ვითარება ძალიან რთულია.
“იცით, რომ 8 მარტის შეთანხმება, რომელიც ისედაც არ იყო შესრულებული, იმიტომ რომ გიორგი რურუა საპატიმროში რჩებოდა, ფაქტობრივად, ამ შეთანხმების დარღვევაც კი ხელისუფლებამ გააგრძელა. როგორც ჩანს, განაახლეს სასამართლო პროცესი ნიკა გვარამიას წინააღმდეგ. ეს ყველაფერი აჩვენებს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილს, როგორც ჩანს, აქვს ილუზია, რომ ის შანტაჟის, დაშინებისა და რეპრესიების მუქარით აიძულებს ოპოზიციას, რომ დათმოს საკუთარი პოზიციები. მე ამას ასე ვკითხულობ. ამაზე ექნება საკმაოდ მძაფრი რეაქცია ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. არ მინდა გამოვრიცხო იმის შესაძლებლობა, რომ საბოლოოდ შეთანხმება მოხდეს, ყოველ შემთხვევაში ვხედავთ, რომ ივანიშვილი ცდილობს გარკვეულწილად ამ შეთანხმების ფასი თავის მხრივ გაზარდოს და აქეთკენ დგამს ნაბიჯებს. რაც აჩვენებს იმას, ვინ არის სახელმწიფოებრივად მოაზროვნე. რეალობა არის რომ ქვეყანაში სახელმწიფოებრივად საკითხებს უდგება ოპოზიცია, ჩვენ ამ მოლაპარაკებების მაგიდასთან ვსხედვართ იმ სულისკვეთებით, რომ მოვძებნოთ კომპრომისი და ივანიშვილი გვესაუბრება ძალის და შანტაჟის ენით”, – განაცხადა სამადაშვილმა.