“ადგილობრივები სახლებს ტოვებენ და მიდიან, ახლა გარდაცვლილების გადასვენებაც დაიწყეს”, – წერს ახალგორში მცხოვრები სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი. მისი თქმით, აღნიშნული ინფორმაცია ოკუპირებული ცხინვალის დეფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმაც დაადასტურა.
“გასულ კვირას ჩვენი მძიმე მდგომარეობის შესახებ ვწერდი, მედიასთან ვისაუბრე – როგორ ტოვებენ ადგილობრივები სახლებს და მიდიან – უკან არ დაბრუნების ხელმოწერით. არ მითქვამს, გარდაცვლილების გადასვენებაც რომ დაიწყეს- ესეც გასულ კვირას მოხდა. მოგვიანებით დიმიტრი მედოევმაც დაადასტურა, რომ 50 – მდე განცხადება უკვე დაკმაყოფილდა და 16 კიდევ განიხილება. ყველა ეს ადამიანი 2008 წლიდან მუდმივი მაცხოვრებელი იყო. მიდიან, უიმედობის განცდის გამო. ელემენტარული პირობების გადაუჭრელობის გამო – ძირითადად სოფლებიდან ჯერ, სადაც ყველაფერი ჭირს – სკოლა, ექიმი, კომუნიკაცია, ტრანსპორტი, ცხოვრების მძიმე პირობები.და ერთი კვირაა ველი, საქართველოს ხელისუფლებიდან ვინმე, რამე ფორმით დაამშვიდებს, ან გადაწყვეტილებას მოუწოდებს ამ ხალხს. საკუთარი უმაქნისობის და უუნარობის რეკორდებს ხსნიან – დუმან”, -წერს მეარაყიშვილი.
თამარ მეარაყიშვილი სამედიცინო დაწესებულებაში არსებულ მძიმე მდგომარეობაზეც საუბრობს და ამბობს, რომ ხელისუფლება ახალგორში არსებული ვითარებით არ ინტერესდება.
ჩვენ რა ვქნათ? რა გავაკეთოთ? რაიონულ საავადმყოფოში მაგალითად, 8 ექიმი დაგვრჩა – აქედან არც ერთი თერაპევტი, 3 კი სტომატოლოგია. გამობრძანდეს შერიგების მინისტრი, რას აკეთებენ ჩვენი პრობლემების და მიგრაციის ზრდის შესაჩერებლად გარდა – ვაცნობეთ უცხოელებს. და რატომ არაა ეფექტური თქვენი ცნობები?”,- წერს თამარ მეარაყიშვილი.