გამყრელიძე: აჭარაში გამართული აქციები უპასუხისმგებლობაა

302

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის შეფასებით, აჭარაში გამართული აქციები უპასუხისმგებლობაა.

როგორც გამყრელიძე აღნიშნავს, პანდემიის მართვას პოლიტიკური პროცესიც უნდა ემორჩილებოდეს.

„შევაფასებდი, როგორც უპასუხისმგებლობას. პოლიტიკური პროცესიც უნდა ემორჩილებოდეს პანდემიის მართვას იმიტომ, რომ სერიოზული პანდემიის წინაშეა მთელი მსოფლიო, ქვეყანაში ინფიცირების სერიოზული ზრდა გვაქვს. ამის შეჩერების რამდენიმე მიდგომა არსებობს და ერთ-ერთი არის სწორედ ის შემზღუდველი ღონისძებები, რაც ქვეყანამ დააწესა, მაგრამ დაწესება ერთია და მისი აღსრულება მეორე. თუ მას არ აღვასრულებთ და ჩვენ თვითონ არ გავითვალისწინებთ, რომ უნდა დავიცვათ ის რეკომენდაციები, რასაც გვეუბნებიან, ისე არაფერი გამოვა. პარალელურად, ადრეული გამოვლენა, პირველად ჯანდაცვაში მართვა და ჰოსპიტალურ სექტორში მართვა, ამ ერთობლიობას თუ კარგად მივყევით, 3-4 კვირის განმავლობაში, ახალი შემთხვევების ტენდენცია უკვე წამოვა ქვემოთ“, – განაცხადა გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, რომ აჭარაში საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა, რომელზეც „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა” და სამართლადამცავებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

ამასთან, ოპოზიციური პარტიები აჭარის მთავრობის სახლთან დღეს სავაჭრო ჯიხურების განთავსებას გეგმავენ, რათა მოქალაქეებს ვაჭრობის საშუალება მიეცეთ.