აჭარის მთავრობის სახლთან სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერებისა და მათი მხარდამჭერების აქცია გრძელდება. ხელახალი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით ისინი პროტესტო აქციას 24-საათიან რეჟიმში მართავენ.
როგორც „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, დღეს აჭარის მთავრობის სახლთან სავაჭრო ჯიხურებს განათავსებენ იმისათვის, რომ მოქალაქეებმა ივაჭრონ და საკუთარი პროდუქცია გაყიდონ.
მათივე ინფორმაციით, პანდემიის შედეგად დაზარალებულ მოქალაქეებს ე.წ. „თავისუფლების კვარტალში“ ეპატიჟებიან, რომელიც აჭარის მთავრობის სახლთან არის მოწყობილი.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ მოქალაქეები მთავრობის გადაწყვეტილების გამო უმუშევრად დარჩნენ.
აღსანიშნავია, რომ აჭარის მთავრობის სახლთან, გუშინ აქციის პარალელურად ოპოზიციის წევრებმა სწრაფი კვების კონტეინერიც განათავსეს.
ცნობისთვის, აჭარის მთავრობის სახლთან 31 ოქტომბრის შემდეგ კარვებია გაშლილი.
მთავრობის გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან ქვეყანაში ახალი საკარანტინო შეზღუდვები დაწესდა. მათ შორის, გადაადგილებაზე შეზღუდვა (კომენდანტის საათი) 1 საათით გადმოიწია და 21:00 სთ-დან დაიწყება.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე დიდ ქალაქებში: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ფოთში, ზუგდიდში, თელავში, ასევე სათხილამურო კურორტებზე: ბაკურიანში, გუდაურში, გოდერძსა და მესტიაში სურსათის მაღაზიების, სილამაზისა და სპა სალონების გარდა, დაიკეტა ყველა სხვა სავაჭრო ობიექტი.
მთავრობის ადმინისტრაციის განმარტებით, ყველა დაწესებული შეზღუდვა 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე შემსუბუქდება, კონკრეტულად:
- იმუშავებენ სავაჭრო ცენტრები, ღია და დახურული ბაზრობები;
- აღდგება, როგორც მუნიციპალური, ისე – საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა.
მათივე ცნობით, 3 იანვრიდან ყველა დასახელებული შეზღუდვა აღდგება.