აჭარის მთავრობის სახლთან ხმაური იყო. „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა” და სამართლადამცავებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობიდან“, ელგუჯა ბაგრატიონი აჭარის მთავრობის სახლში შესვლას ცდილობდა. ის აცხადებდა, რომ ციხისძირის მოსახლეობის პრობლემები აჭარის მთავრობის თავმჯდომარისთვის უნდა გაეცნო. ელგუჯა ბაგრატიონმა სამთავრობო დაცვის თანამშრომელს თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრის შეთანხმება სთხოვა, თუმცა, როგორც მას გადასცეს, თორნიკე რიჟვაძემ შეხვედრაზე უარი განუცხადა იმ მიზეზით, რომ დაკავებულია.
„ქობულეთის საკრებულოს წევრს, ბონდო თედორაძეს უნდოდა შესვლა თორნიკე რიჟვაძესთან, უნდა გაეგო როდის მოაგვარებს სოფელ ციხისძირში წყლის პრობლემას, მაგრამ არ შეუშვეს. მე ვარ დეპუტატი და მაქვს უფლება შეუფერხებლად შევიდე მთავრობის შენობაში, მაგრამ როგორც ხედავთ, პოლიცია მხოლოდ იმითაა დაკავებული ჩინოვნიკები ვირთხებივით შეაპაროს“, – ამბობს ელგუჯა ბაგრატიონი.
თავდაპირველად აქციის მონაწილეები შენობის პიკეტირებას გეგმავდნენ და აცხადებდნენ, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე შენობაში არ შეუშვებდნენ.
სამართალდამცავები აჭარის მთავრობის სახლის ყველა შესასვლელთან არიან მობილიზებული. ამ დროისათვის სიმშვიდეა.
ცნობისთვის, დღეს მთავრობის სახლთან სავაჭრო ჯიხურების განთავსება იგეგმება.