„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას განმარტებით, გაიმართება თუ არა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი, ეს ხელისუფლების „გონივრულ წინადადებაზეა“ დამოკიდებული. როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, შეხვედრა შეხვედრისთვის არ უნდა გაიმართოს.
მისი თქმით, ერთპარტიული პარლამენტი დიდხანს ვერ გაძლებს და ქვეყანაში მაინც რიგგარეშე არჩევნები დაინიშნება.
„მესამე რაუნდი თავიდან ბოლომდე დამოკიდებულია ხელისუფლებაზე, თუ რამდენად რაციონალური წინადადებებით მოვლენ ისინი. როგორც ჩანს, მათ არ აქვთ ჯერჯერობით რაციონალური წინადადება. ჩემი პირადი პოზიციაა, რომ შეხვედრა შეხვედრისთვის არ უნდა გაიმართოს. ჩვენი ფასილიტატორები და პარტნიორები ზედმეტად არ უნდა გადავღალოთ, თუ არ არის რეალური წინადადება მათი მხრიდან. ტყუილუბრალოდ ჩაიზე არავინ შეიკრიბება. არც მიმაჩნია, რომ საჩქაროა. წინა გამოცდილებამ გვანახა, რომ ჭირვეულის მორჯულებას გარკვეული დრო უნდა. არ აქვთ დღეს წინადადები? ამ წინადადებებით იანვარში მოვლენ“,-განაცხადა უგულავამ.
მისი თქმით, „არჩილ თალაკვაძეს და ირაკლი კობახიძეს შეუძლიათ, მაგალითი ჩრდილოეთ კორეის პარლამენტიდან აიღონ“.
„დარწმუნებული ვარ, ერთპარტიული პარლამენტი დიდხანს ვერ გაძლებს და მაინც რიგგარეშე არჩევნებამდე მივა ქვეყანა, რადგან როდესაც მხარეებს შორის არ არსებობს შეხების წერტილი და ვერ ხერხდება საერთო მოსაზრებების ძებნა, პოლიტიკოსებმა უნდა მიმართონ ძალაუფლების წყაროს-ხალხს. ხალხთან მიმართვისთვის არსებობს ასეთი ფორმა-არჩევნები“,- ამბობს უგულავა.