“კორონა მოგვკლავს თუ შიმშილი, მნიშვნელობა არ აქვს” – რუსთავში გარემოვაჭრეებმა გზა გადაკეტეს

376

რუსთავში გარემოვაჭრეები საპროტესტო აქციას მართავენ და კორონავირუსის პრევენციის მიზნით, დაწესებული შეზღუდვებს აპროტესტებენ. მოვაჭრეებმა მე-12 მიკრორაიონში საავტომობილო გზა გადაკეტეს და ავტომობილებს გადაადგილების შესაძლებლობას არ აძლევენ.

მოვაჭრეების თქმით, მათ ყოველდღიური შემოსავალი დაკარგეს და შეზღუდვების გამო, მუშაობას ვეღარ ახერხებენ.

ცენტრალურ ქუჩაზე ავტომობილების მოძრაობა შეფერხებულია. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო  და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები. პოლიცია ცდილობს გარემოვაჭრეების გზიდან გადაყვანას.

“წინდებს ვყიდი და ვცხოვრობ ქირით. სხვა შემოსავალი არ მაქვს. დამრთონ ნება, დავდგე, ვივაჭრო და პურის ფული მივიტანო სახლში”, – ამბობს ერთ-ერთი გარემოვაჭრე.

“2 დღის წინ გარემოვაჭრეებმა დაუმორჩილებლობა გამოაცხადეს. პირველ ჩაკევტაზეც  ამ გარემოვაჭრეებისთვის არავითარი დახმარება არ მიუციათ, იმიტომ, რომ საბუთიც არ ჰქონდათ, დაემტკიცებინათ, ვაჭრობდნენ თუ არა. მაგრამ ახლა, როცა ეუბნებიან, წადით სახლშიო – კორონა მოგვკლავს თუ შიმშილი, ჩვენთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს”, – თქვა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

“სახლი არა, კარი არა, მუშაობის უფლება არა – სად წავიდე, მითხარით. მოვკვდე, მშივრები დავიხოცოთ?” – ამბობს სხვა.

რუსთაველი გარემოვაჭრეები პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ მანამ, სანამ ხელისუფლება მათ მუშაობის ნებას არ დართავს. მოვაჭრეები საქმიანობის გაგრძელებას, წინააღმდეგ შემთხვევაში ფულად დახმარებას ითხოვენ.

„ამ აკრძალვით მშიერს გვტოვებენ. არც სამუშაოა, არც დახმარება, რა გავაკეთოთ, სახლში რა მივიტანოთ. ყველა რეგულაციას ვიცავთ, ვართ პირბადით, ხელთათმანებით. მოგვცენ უფლება, რომ ვიმუშაოთ. 200 ლარი მაქვს სესხი გადასახდელი ყოველ თვეში, რით გადავიხადო“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

გარემოვაჭრეებთან შესახვედრად ადგილზე მივიდა რუსთავის, მერი ირაკლი ტაბაღუა.