„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის ირმა ინაშვილის განცხადებით, ჯერჯერობით ხელისუფლების მხრიდან ახალი არჩევნების დანიშვნის თაობაზე მკაფიო და სერიოზული შემოთავაზება არ ყოფილა. როგორც მან აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში, შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, „პატრიოტთა ალიანსი“ სინდისიდან გამომდინარე მოქმედებს და ზეგავლენას არავითარ შემთხვევაში არ დაექვემდებარება.
„ჯერ აყალბებენ არჩევნებს და მერე იწყება „დუბინკები“. ეს რომ არ მოხდეს, მე ვმოქმედებ ჩემი შინაგანი სინდისიდან გამომდინარე. არავითარ შემთხვევაში არ დავექვემდებარები არავითარ ზეგავლენას, კობახიძე-მდინარაძის სოციალურ ქსელში დაქირავებულ კოორდინატორებს, რომლებიც ათას სისაძაგლეს წერენ -“შედით პარლამენტში“ და ასე შემდეგ. ვიმოქმედებთ ჩვენი სინდისიდან და ჩვენი პრინციპებიდან გამომდინარე. არავითარი მკაფიო და სერიოზული შემოთავაზება, რაც ახალი არჩევნების დანიშვნას უკავშირდება, არ ყოფილა. სხვა დეტალებზე მათ ნაცვლად არ ვისაუბრებ, კორექტული არ იქნება“,-განაცხადა ინაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის რეზიდენციაში ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან ინდივიდუალური შეხვედრები მიმდინარეობს. შეხვედრას ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელი კარლ ჰარცელიც ესწრება.