თარხნიშვილი: „ევროპულ საქართველოს, „გირჩს”, „სტრატეგია აღმაშენებელსა” და „ლელოს” შორის შესაძლო თანამშრომლობის თაობაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს

425

შემდეგი სტატია

„ევროპული საქართველოს” წევრმა, ლევან თარხნიშვილმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ 4 პარტიას „ევროპულ საქართველოს, „გირჩს”, „სტრატეგია აღმაშენებელსა” და „ლელოს” შორის შესაძლო კოოპერაციის თაობაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუმცა, მისი თქმით, ჯერ უცნობია, იქნება თუ არა მათ შორის ამ საკითხზე კონსენსუსი.

თარხნიშვილის თქმით, ზემოთაღნიშნულ 4 პარტიას შორის უფრო მეტი თანხვედრა არსებობს.

„ჩვენ ვლაპარაკობთ რამდენიმე პარტიასთან შესაძლო კოოპერაციაზე და შესაძლო საარჩევნო კოოპერაციაზე, მათ შორის თქვენს მიერ ჩამოთვლილ პარტიებთან. მოლაპარაკებები საწყის ეტაპზეა. არ ვიტყოდი, რომ ეს ასეა – ყველა, მინუს „ნაცები“. უამრავი პარტია არსებობს, რომლებიც დღეს ოპოზიციის შეხვედრაზე სხედან და რომელთანაც ჩვენ არ განვიხილავთ კოოპერაციას. საუბარი მიმდინარეობს ამ 4 პარტიას შორის. საუბარია იმაზე, რომ ჩვენ გვაქვს გარკვეული თანხვედრები. შესაბამისად, ვლაპარაკობთ იმაზე, რამდენად ღრმაა ეს თანხვედრა. ამ 4 პარტიას შორის არის გარკვეული კონსულტაციები, როგორც მიმდინარე, ასევე პოლიტიკურ საკითხებზე. ყველას გახსოვთ, რომ გარკვეულ შეთანხმებებს არჩევნების წინაც მოეწერა ხელი, ამ შეთანხმებას სხვადასხვა პარტიები უერთდებოდნენ, მაგრამ ეს 4 პარტია იყო მუდმივი. ეს პროცესი ახალი დაწყებული არ არის, არამედ არჩევნების წინაც იყო. რატომ არ არის სხვა პარტიები? იმიტომ, რომ სხვა პარტიებთან ასეთი თანხვედრა არ გვაქვს”,-განაცხადა თარხნიშვილმა.

ცნობისთვის, გავრცელებული ინფორმაციით, „ევროპული საქართველო, “გირჩი”, სტრატეგია აღმაშენებელი” და “ლელო” აპირებს, რომ შექმნას ერთობა “ნაციონალური მოძრაობის” გარეშე.