ჩიხლაძე: „სტრატეგია აღმაშენებელს”, “გირჩს”, “ლელოსა” და „ევროპულ საქართველოს“ შორის ბლოკის ან გაერთიანების თაობაზე მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს

386

წინა სტატია

„სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთი ლიდერის, სერგო ჩიხლაძის განცხადებით, „სტრატეგია აღმაშენებელს”, “გირჩს”, “ლელოსა” და „ევროპულ საქართველოს“ შორის შესაძლო ბლოკის შექმნის ან გაერთიანების თაობაზე მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს.

როგორც მან აღნიშნა, მიუხედავად განსხვავებული შეხედულებებისა, „სტრატეგია აღმაშენებელი“ სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიასთან მართავს მოლაპარაკებებს, თუმცა, აღნიშნულ საკითხზე ცალკე მსჯელობა არ მიმდინარეობს.

„არანაირი ბლოკი არ იგეგმება. ჯერ არჩევნებიც არ ჩანს ჰორიზონტზე. შესაბამისად, რომელ ბლოკზეა საუბარი. „სტრატეგია აღმაშენებელი“ ხვდება ყველა პარტიას. ოპოზიციის დღევანდელი შეხვედრაც ამის დასტურია. არაფერი მსგავსი არ იგეგმება და ამ წუთას ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას. არანირი ბლოკი, შერწყმა ან გაერთიანება არ განიხილება. სხვადასხვა პარტიებთან ვსაუბრობთ. ჩვენ არ ვართ ერთი პარტია და თუნდაც ამ 4 პარტიას ძალიან მნიშვნელოვანი განსხვავებები აქვს. შეგიძლიათ ჩვენი პროგრამები წაიკითხოთ. ამიტომ, არაინაირ ბლოკზე, შერწყმაზე, ცალკე ყოფნაზე საუბარი არ არის. არა მარტო ამ 4 პარტიას, არამედ სხვებს, მათ შორის, ვინც ბარიერი ვერ გადალახა, მათაც ვესაუბრებით ზოგადად საკითხებზე. ცალკე არავითარი მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს“,-განაცხადა ჩიხლაძემ.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ „ევროპული საქართველოს” წევრმა, ლევან თარხნიშვილმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ 4 პარტიას „ევროპულ საქართველოს, „გირჩს”, „სტრატეგია აღმაშენებელსა” და „ლელოს” შორის შესაძლო კოოპერაციის თაობაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

გავრცელებული ინფორმაციით, “ევროპული საქართველო, “გირჩი”, სტრატეგია აღმაშენებელი” და “ლელო” აპირებს, რომ შექმნას ერთობა “ნაციონალური მოძრაობის” გარეშე.