სოფელ ავლევის N8 საარჩევნო უბანზე, საარჩევნო ყუთში, საპრეზიდენტო არჩევნების ბიულეტენები აღმოჩნდა, – ამის შესახებ droa.ge-ს ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლებმა განუცხადეს და შესაბამისი ფოტო მიაწოდეს.
როგორც ორგანიზაციის დამკვირვებელი ნათია ფარეხელაშვილი აცხადებს, საარჩევნო უბანზე, ყუთის გახსნის შემდეგ, საპრეზიდენტო არჩევნების 6 ბიულეტენი ამოიღეს. მათ ნაწილში გრიგოლ ვაშაძეა შემოხაზული, ნაწილში კი – სალომე ზურაბიშვილი.
ფარეხელაშვილი ამბობს, რომ ამ ფაქტმა საუბნო კომისიის წევრებიც დააბნია და ბიულეტენების გადაყრა გადაწყვიტეს, თუმცა, მან ურჩია, რომ ბიულეტენები ცალკე გადაედოთ და საოლქო საარჩევნო კომისიაში წაეღოთ.
ავლევის N8 საარჩევნო უბანი ხაშურის, ქარელისა და გორის საარჩევნო ოლქის (ვარიანის, ნიქოზის, ტირძნისის, სკრისა და შინდისის ადმინისტრაციული ერთეულები) შემადგენლობაშია. აქ დღეს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა.