თავს იზღვევენ წინასწარ, იციან, რომ სასურველ შედეგს ვერ მიიღებენ — კაპანაძე “ოცნებაზე”

361

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის განცხადებით, მათი სურვილია არ მივიდეს ხალხი არჩევნებზე, ამიტომ, “ქართული ოცნების” წარმომადგენლების განცხადებები იმის შესახებ, რომ ოპოზიცია ფარულად ახდენს ამომრჩევლების მობილიზებას, არის ფარსი.

“ვინმეს თუ სჯერა, რომ შეიძლება ფარულად მიაღებინო შენს მომხრეებს არჩევნებში მონაწილეობა, აბა მაშინ კამპანია რა საჭიროა?! მთელი კამპანია მაგაზე არის ხოლმე, რომ მოვიდნენ და მხარი დაგიჭირონ. ჩვენი კამპანია ახლა არის, რომ პირიქით, არ მოვიდნენ ხალხი მეორე ტურში, ამიტომ, ეს არის ფარსი”, — ამბობს კაპანაძე.

როგორც კაპანაძემ TV პირველის ეთერში განაცხადა, ქართული ოცნება წინასწარ იზღვევს თავს იმ შემთხვევისთვის, თუ მათზე გაბრაზებული ამომრჩეველი მაინც მივა არჩევნებზე და ხმას ოპოზიციას მისცემს.

“მე მაინც მაქვს ჩემი აზრი, ამას რატომ აკეთებენ. აკეთებენ, ალბათ, იმიტომ, რომ თვითონაც კარგად ესმით, რომ ხალხი შეიძლება მართლა მივიდეს, თავისით, და მათ შორის, ორივე გადახაზოს, მათ შორის, მაინც ოპოზიცია შემოხაზოს. გაბრაზებული ხალხი, ქართულ ოცნებაზე. თავს იზღვევენ წინასწარ, იმიტომ, რომ შედეგები რომ ამოვა ნახავენ, რომ ისეთი დიდიც არ იქნება, როგორც მოლოდინი არის”, — განაცხადა სერგი კაპანაძემ.

მისი თქმით, მნიშვნელობა არ აქვს რა შედეგით დასრულდება საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური, რადგან ოპოზიცია აგრძელებს ბოიკოტის.

“რა მნიშვნელობა აქვს ახლა რა შედეგი იქნება მეორე ტურში, მაშინ, როდესაც არ ვმონაწილეობთ?! ღიად გაცხადებული მიდგომა გვაქვს და პირიქით, ჩვენს მხარდამჭერებს მოვუწოდებთ, რომ არ მივიდნენ არჩევნებზე და ამ ფარსში მონაწილეობა არ მიიღონ. ამიტომ, სრულიად გაუგებარია რაში იზღვევენ თავს და რაში სჭირდებათ ამ სიყალბის საუბარი. მარა, ნუ, ეგეთ ძალად ჩამოყალიბდნენ — მთავარია მათთვის, რომ რასაც დაავალებენ ის თქვან და აღარ აქვს მნიშვნელობა ეს რამდენად კომიკური არის, ან რამდენად არარელევანტური დავარასერიოულია”, — განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ოპოზიცია არ აღიარებს 31 ოქტომბერს გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს და უარს ამბობს მეორე ტურში მონაწილეობაზე. ამის პარალელურად, ქართული ოცნების ლიდერები აცხადებენ, რომ ოპოზიცია ფარულად ახდენს საკუთარი ამომრჩევლების მობილიზებას. მსგავსი განცხადებები გააკეთეს დღესაც, არჩევნების მეორე ტურის მიმდინარეობისას ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ და პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ.

არჩევნების მეორე ტური 17 მაჟორიტარულ ოლქში იმართება.

არჩევნების დღეს ოპოზიცია აქციის ჩატარებას გეგმავდა, თუმცა საბოლოოდ მათ გადაწყვიტეს, რომ საპროტესტო ღონისძიებებს არ ჩაატარებდნენ და სრულ იგნორირებას გამოუცხადებდნენ.