მანამდე გაკეთებული განცხადებების შემდეგ, ქართულ ოცნებაში უკვე მეორე ბრიფინგი გამართეს იმის შესახებ, რომ ოპოზიცია არჩევნების მეორე ტურისთვის ხმების მობილიზებას ფარულად ახდენს. ამჯერად ამას მამუკა მდინარაძე ამტკიცებს და ამბობს, რომ “პრაქტიკულად ყველა უბანთან ფიქსირდებიან მათი წარმომადგენლებიც”. ჟურნალისტების კითხვას იმის შესახებ, რომ ოპოზიცია ამომრჩევლის მობილიზების შესახებ განცხადებებს “აბსურდულს” უწოდებს, მდინარაძე პასუხობს, რომ ეს საღამოს გაირკვევა.
“საღამოს უკვე ჩვენ თამამად ვისაუბრებთ, ჩემი ეს განცხადება, რომ ისინი ხმების მობილიზებას მაინც ახდენენ, მათ მხარდამჭერებზეა საუბარი, მართალია თუ არა, საღამოს გაირკვევა, დიდი დრო არ დასჭირდება ამის გარკვევას. იგივე ხდებოდა ზუსტად 2016 წელს, სადაც გახსოვთ, რომ გარკვეული შედეგი ოპოზიციის კანდიდატებმა მიიღეს და ეს გახდა არჩევნების მეორე ტურის საღამოსვე ცნობილი და ასევე გახდება დღესაც”, — განაცხადა მდინარაძემ.
მან ქართული ოცნების ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ მიდგომა “ქართული ოცნება მაინც იგებს” შეიძლება არ იყოს სწორი.
“ქართული ოცნების მხარდამჭერებს კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, რომ ის მიდგომა, რომ “ქართული ოცნება” მაინც იგებს, შეიძლება არ იყოს სწორი, საჭიროა მაქსიმალური მობილიზება. მიუხედავად მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობისა, არ უნდა დავიზაროთ, მივიდეთ საარჩევნო უბნებზე და მხარი დავუჭიროთ ჩვენს კანდიდატს”, — განაცხადა მდინარაძემ.
დღეს, 21 ნოემბერს 17 მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების მეორე ტური იმართება, რომელსაც ოპოზიცია ბოიკოტს უცხადებს. ბარიერგადალახულმა ოპოზიციურმა რვა პარტიამ მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი თქვა და განაცხადა, რომ არც პარლამენტში შევა. ტექნიკურად მათი სახელები ბიულეტენებში ჩაწერილი იქნება, თუმცა, როგორც ოპოზიციაში ამბობენ, მათ არც საარჩევნო კამპანია ჩაუტარებიათ და საჯაროდაც მოქალაქეებს მოუწოდებენ, არ წავიდნენ არჩევნებზე.
არჩევნების დღეს ოპოზიცია აქციის ჩატარებას გეგმავდა, თუმცა, საბოლოოდ მათ გადაწყვიტეს, რომ საპროტესტო ღონისძიებებს არ ჩაატარებდნენ და სრულ იგნორირებას გამოუცხადებდნენ.
ამ ხნის განმავლობაში მმართველ გუნდში ამტკიცებდნენ, რომ ოპოზიცია მეორე ტურისთვის კოორდინატორებისა და ამომრჩევლის მობილიზებას აპირებდა.