ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში, 22-ე საარჩევნო უბანზე მისულ მოქალაქეებს მარკირებას არც უმოწმებდნენ და არც უკეთებდნენ. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს.
უბანზე მედიის წარმომადგენლების გამოჩენის შემდეგ უბანზე მარკირების პროცედურის ჩატარება დაიწყეს. ცესკო-ს წარმომადგენლის გივი ნატროშვილის თქმით, უბანზე მარკირების პროცედურა დაირღვა, თუმცა, გამოსწორებადია.
კახეთის რეგიონში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური ერთ ოლქში მიმდინარეობს. მაჟორიტარი დეპუტატის ასარჩევად კენჭისყრა ტარდება ახმეტის, თელავის, ყვარლისა და ლაგოდეხის გაერთიანებული საარჩევნო ოლქის 154 საარჩევნო უბანზე.
ცესკოს მონაცემებით, მეორე ტურში გავიდნენ „ქართული ოცნების“ კანდიდატი ირაკლი ქადაგიშვილი და „ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიციის” კანდიდატი გიორგი ბოტკოველი. ოპოზიციური ბლოკის მიერ მეორე ტურისთვის გამოცხადებული ბოიკოტის მიუხედავად კანდიდატი საარჩევნო ბიულეტენშია, რადგან კანონმდებლობა არ ითვალისწინებს მეორე ტურის წინ კანდიდატურის მოხსნას.