„მრავალეროვანი საქართველო“: უბნის გახსნისა და მოწყობის პროცესი ხარვეზების გარეშე წარიმართა, ასევე მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს ხმის მიცემა

403

„მრავალეროვანი საქართველოს“ ინფორმაციით, მათი მოკლევადიანი დამკვირვებლების ინფორმაციის შესაბამისად, 07:00-დან 08:00-მდე უბნის გახსნისა და მოწყობის პროცესი ხარვეზების გარეშე წარიმართა, ასევე მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს ხმის მიცემის პროცესი.

„თითქმის ყველა საარჩევნო უბანი, სადაც „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლები აკვირდებიან, მზად იყო პირველი ამომრჩევლის მისაღებად. დამკვირვებლების ინფორმაციით, უბნის გახსნის პროცესს, ძირითადად, საუბნო საარჩევნო კომისიის 10 წევრი ესწრებოდა. ასევე, ამ უბნებზე დაცულია კოვიდის უსაფრთხოების ზომები“, – განაცხადა „მრავალეროვანი საქართველოს“ წარმომადგენელმა ლელა ტალიურმა.

მისივე თქმით, ამ დროისთვის დაფიქსირდა საარჩევნო უბანზე მისული ამომრჩევლების აღრიცხვის ერთი ფაქტი.

„რუსთავის #12.20.82 კენჭისყრის შენობაში, „ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიის“ დამკვირვებელი ნინო ჯიბლაძე უბანზე მისულ ამომრჩევლებს მის ხელთ არსებულ სიაში აღრიცხავდა და ციფრებს ტელეფონით გადასცემდა.

„მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებელმა ეს ფაქტი შენიშნა და რეაგირებისთვის საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს მიმართა. საუბნო საარჩევნო კომისიის მდივნის მითითებით, დამკვირვებელი შენობის ერთ-ერთ ოთახში შევიდა, თუმცა უბანზე მისული ამომრჩევლის აღრიცხვა კვლავ გააგრძელა („მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლის ინფორმაციით, სავარაუდოდ, კომისიის თავმჯდომარე და მდივანი, ამ პირს იცნობდნენ). „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლის მიერ შენიშვნის განმეორებით მიცემის შემდეგ, მას კენჭისყრის შენობა დაატოვებინეს. მოგვიანებით, ნინო ჯიბლაძე საარჩევნო უბანზე მიბრუნდა, რეგისტრაცია გაიარა და უბანი დატოვა. მეორე ტურის არჩევნების დღის მონიტორინგს ახორციელებს ორგანიზაციის 200 დამკვირვებელი. მათ შორის, 175 საუბნო საარჩევნო კომისიის, 18 მობილური ჯგუფის, 7 საოლქო საარჩევნო კომისიის დამკვირვებელი.

არჩევნების დღეზე დაკვირვება მოიცავს სულ 7 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქს. ესენია: რუსთავი და გარდაბანი (#12), ლაგოდეხი, ყვარელი, თელავი და ახმეტა (#10) – კახეთი; მცხეთა (#11)- მცხეთა-მთიანეთი; ასევე კრწანისი (#1), ისანი (#4), სამგორი (#5) და გლდანი (#8) – თბილისი“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.