“გამომეკიდა, რამდენიმე კაცი მიჭერდა, მირტყამდა” – ჩუღურეთში 18 წლის დამკვირვებელს არჩევნების დღეს, მეტადონის პროგრამაში ჩართულებმა სცემეს

406

18 წლის დამკვირვებელ გოგონას არჩევნების დღეს მეტადონის პროგრამაში ჩართული 10 მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა, მობილური წაართვა და ყველა ის ვიდეო წაუშალა, სადაც კონკრეტული დარღვევები იყო დაფიქსირებული. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს. 

დაზარალებულის თქმით, მის მიერ გადაღებულ კადრებში ჩანდა, რომ საარჩევნო უბანზე რიგდებოდა ფული და ამ პროცესში მონაწილეობდნენ მეტადონის პროგრამაში ჩართული ადამიანები. აგრესიულმა მამაკაცებმა ნაცემ გოგონას ტელეფონი მხოლოდ მას შემდეგ დაუბრუნეს, რაც  ყველა ვიდეო წაშალეს.

18 წლის მარიამ ტრდატიანი, რომელიც ენმ-ს დამკვირვებელი იყო,  მომხდარის დეტალებს “მთავარ არხთან” იხსენებს:

“მანქანში ვიჯექი, ვცადე კადრის დაფიქსირება, რა დროსაც დაახლოებით 10 მამაკაცი გამოიქცა ჩემკენ, ტელეფონი წამართვეს, გადავედი მანქანიდან ვითხოვე დაბრუნება, რა დროსაც ერთმა მეორეს გადააწოდა ჩემი მობილური და უთხრა, გაიქეცი და ყველა კადრი წაშალეო. ამის შემდეგ 5-6 მამაკაცი მიჭერდა, მირტყამდა, მაყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, მემუქრებოდნენ, თუ არ დაწყნარდები მოგკალვთო” – ამბობს ტრდატიანი.

შემთხვევა ჩუღურეთში, მე-10 და 36-ე უბნებთან მოხდა.

ამჟამად ახალგაზრდა პოლიციის განყოფილებაშია და ჩვენებას აზუსტებს. არსებული ინფორმაციით, დღეს ჩატარდება საგამოძიებო ექსპერიმენტიც.

“ავუხსენი როგორ წამართვეს ტელეფონი, ავუხსენი თუ სად გაიქცნენ. ასევე მივუთითე ვიდეოკამერები, აქ არის ვიდეოკამერები, რომლებიც ამ ფაქტს ადასტურებს და რა თქმა უნდა, მოვითხოვე ამ კამერების ამოღება. ეს პირები იყვნენ მეტადონის პროგრამაში ჩართული პირები, რომლებიც არ იმყოფებოდნენ ფხიზელ მდგომარეობაში და გავლენას ახდენდნენ ამომრჩევლებზე, უბანზე მისული ამომრჩევლები, შეყავდათ და გამოყავდათ და ძალიან დიდი ზეგავლენას ახდენდნენ მათზე. ამის გამო მინდოდა, რომ მქონოდა ეს კადრები ტელეფონში,” – ამბობს მარიამ ტრდატიანი.

დაზარალებულის ადვოკატის, ბექა ჯანელიძის თქმით, ტრდატიანს ფიზიკური დ სიტყვიერი შეურაცხყოფის გარდა, სიცოცხლის მოსპობითაც დაემუქრნენ. ადვოკატი ყველა თავდამსხმელის დროულად იდენტიფიცირებას ითხოვს.