ვოლსკი: “ოცნება” რომ გაიწიოს, მოლაპარაკების მაგიდაზე დარჩებიან სადისტი, თაღლითი და პოპულისტი

434

მმართველი გუნდის წევრმა გია ვოლსკიმ ღამის კურიერის ეთერში განაცხადა, რომ ოპოზიციური პარტიების კოალიციური მთავრობა სახელმწიფოს დაანგრევს.

“თქვენმა სტუმრებმა (ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა) რაც თქვეს, რომ კოალიციური ხელისუფლება უნდა იყოსო… გადახედეთ სულ რომ გაიწიოს ქართული ოცნება, ვირტუალურად წარმოიდგინეთ, ვინ შეიძლება, დარჩეს მოლაპარაკების მაგიდაზე – სადისტი, თაღლითი და პოპულისტი. არ ვფიქრობ, რომ ჩვენს ამომრჩეველს ამაზე პოზიტიური რეაგირება ექნებათ. რომ გადახედო გუშინ რას ამბობდნენ ერთმანეთზე და დღეს ამბობენ, რომ ერთნი არიან. სახელმწიფოს ხომ დაანგრევენ?!”, – განაცხადა ვოლსკიმ.

ოპოზიცია ამ დრომდე საპარლამენტო ბოიკოტის რეჟიმში რჩება, ისინი არც მეორე ტურებში მონაწილეობენ.

ამ დრომდე ხელისუფლებასა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის ევროკავშირისა და ამერიკის ელჩების შუამავლობით მოლაპარაკების ორი რაუნდი გაიმართა. ოპოზიციის ლიდერები ამბობენ, რომ მათი მტკიცე მოთხოვნა კვლავ ხელახალი არჩევნების დანიშვნა, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილებაა.

“ქართული ოცნების” ლიდერები კი ამბობენ, რომ ისინი ხელახალი არჩევნების მოთხოვნას არც ერთ შემთხვევაში არ დათანხმდებიან, თუმცა თბილისის მერმა და “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა კახა კალაძემ გუშინ, 19 ნოემბერს ოპოზიციას საერთო ენის გამონახვისკენ მოუწოდა.