კრიზისის განმუხტვის გასაღები არის „ქართული ოცნების“ ხელში და არა ოპოზიციის ხელში, ეს ყველას უნდა გვესმოდეს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ელჩებთან შეხვედრამდე განაცხადა. მისივე თქმით, ინდივიდუალური შეხვედრების მიზანი შესაძლოა, ის იყოს, რომ ყველამ სრულფასოვნად გამოხატოს საკუთარი პოზიცია, რისი შესაძლებლობაც, საერთო ფორმატისას ნაკლებად არის.
„არ მგონია, რომ აქ რამე განსაკუთრებული ხდებოდეს. ალბათ, უფრო მეტი დრო რომ იყოს ინდივიდუალურად ყველასთან სასაუბროდ, რადგან საერთო ფორმატი როცა არის, შეიძლება დრო არ არის საკმარისი, რომ ყველამ სრულფასოვნად გამოხატოს საკუთარი პოზიციები. ჩვენ ჩვენი შეთავაზება უკვე გავაკეთეთ და ჩვენი პოზიციები დავაფიქსირეთ, კიდევ ერთხელ ვამბობ, კრიზისის განმუხტვის გასაღები არის „ქართული ოცნების“ ხელში და არა ოპოზიციის ხელში, ეს ყველას უნდა გვესმოდეს,“- განაცხადა ვაშაძემ.
ჟურნალისტების კითხვაზე, თუ რომელიმე პარტია გადაწყვეტს, რომ შევიდეს პარლამენტში, რა იქნება დანარჩენი ოპოზიციის ქმედება, ვაშაძემ განაცხადა, რომ არსებულ პირობებში თავზეხელაღებით პარლამენტში შესვლას ვერავინ ვერ გადაწყვეტს.
„მე მგონია, ამ პირობებში, რაშიც ჩვენ ახლა ვართ, ასე თავზეხელაღებით, პირდაპირ პარლამენტში შესვლას ვერავინ გადაწყვეტს. წარმოუდგენელია, რომ ვინმე ადგეს და შევიდეს პარლამენტში. შეთანხმება საჭიროა იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში, პროცესის ნორმალიზება მოხდეს,“- განაცხადა ვაშაძემ.