სოფელ კლდეში მოსახლეობის ნაწილს ერთი კვირაა წყალი არ აქვს

297

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდეში, ე.წ. შუა უბნის დასახლებაში, მოსახლეობას  წყლის მიწოდება შეუწყდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ერთი კვირაა 50–მდე ოჯახი სასმელ წყალს ყიდულობს, ნაწილი კი რამდენიმე ასეული მეტრის მოშორებიდან ეზიდება. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

„წყალს ვყიდულობთ, ვისაც საშუალება არ აქვს ე.წ. ქვედა და ზედა უბნებიდან ზიდავენ“, – ამბობს კლდეში მცხოვრები ნესტან ბლუაშვილი.

„გელა ნოზაძეს (საკრებულოს თავმჯდომარე) მივმართავდით ხოლმე და აკეთებდა, ეხლა მას კოვიდი აქვს, კლინიკაში წევს. ვერც გამგებელს ვერ დავუკავშირდით, შეიძლება ქსელის ბრალი იყოს, წყალი არ გვაქვს“,- ამბობს ადგილობრივი.

მოსახლეობის თქმით, წყლის პრობლემა წლებია არსებობს. სოფელში ე.წ. ზედა უბანია მხოლოდ 24 საათიანი წყლით მომარაგებული, შუა და ქვედა უბნებზე კი სულ პრობლემებია.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სოფელ კლდეში სასმელი წყლის შიდა ქსელის სარეაბილიტაციო  სამუშაოები მიმდინარეობს, წყლის მიწოდების შეფერხება კი ახალ ქსელზე გადართვამ გამოიწვია.

„ამ ეტაპზე ძველი ქსელიდან ახალ ქსელზე გადართვა ხორციელდება, რის გამოც მოსახლეობას სასმელი წყალი შეფერხებით მიეწოდება. სამუშაოების დასრულების შემდეგ  პრობლემა  ეტაპობრივად აღმოიფხვრება და სასმელი წყალი სოფლის მაცხოვრებლებს შესაბამისი განრიგით, თანაბრად მიეწოდება. სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის მთის ფონდიდან 289 983 ლარი იხარჯება“, – განაცხადეს მერიაში.