გიორგი ვაშაძე: თუ მეორე მხარეს ხისთავიანები იდგებიან, შეთანხმებას ვერასდროს შევძლებთ – თუ კობახიძის განცხადებას შევხედავთ, მგონი, ხისთავიანები არიან

340

ადმინისტრაციითა და იგივე საარჩევნო წესებით, ფიქრობთ, ვინმე მონაწილეობას მიღებას აპირებს?! – არა! ამ საარჩევნო ადმინისტრაციითა და ამ წესებით მონაწილეობას მიღებას მე არ ვაპირებ, – აღნიშნული განცხადება მოძრაობა “სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ “პალიტრანიუსის“ გადაცემა “ნიუსრუმში“ გააკეთა.

მისივე ინფორმაციით, ამის გაკეთებას არც სხვა ოპოზიციური პარტიები აპირებენ, რადგან მნიშვნელობა აქვს, რა წესებით წარიმართება არჩევნები.

“რა თქმა უნდა, ჩვენმა ამერიკელმა პარტნიორებმა მიგვითითეს, რომ რეგიონებში არის ურთულესი გეოპოლიტიკური სიტუაცია და ამ ვითარებაში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმებას აქვს დიდი მნიშვნელობა. შეხვედრისას პირადად ჩემი საუბარი შეეხო იმას, რომ იმისთვის, რომ შევთანხმდეთ, გამორიცხულია უცებ, ასე ხელაღებით პარლამენტში შევიდეთ და საარჩევნო საკითხები იქ გადავწყვიტოთ. არა! ყველაფერზე წინასწარ უნდა შევთანხმდეთ და მერე ვნახოთ, როგორ გავაგრძელებთ პოზიციონირებას . მნიშვნელობა აქვს, რა იქნება პარლამენტში შესვლის წინაპირობა. ვინც არ უნდა მომიწოდოს, მაიძულოს და იარაღი დამადოს, უბრალოდ ავდგე და პარლამენტში შევიდე, ეს გამორიცხულია! უნდა არსებობდეს კონკრეტული, სანდო გადაწყვეტილებები, რომელიც მომცემს საშულებას, ჩემს მხარდამჭერებს ვუთხრა: ამას მივაღწიეთ და ამიტომ ხდება ეს!“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ვაშაძის ინფორმაციით, ოპოზიციის მოთხოვნების საპასუხოდ არანაირი ალტერნატიული, ადეკვატური წინადადება ხელისუფლების მხრიდან არ დასმულა.

ამასთან, ვაშაძე ხელისუფლების წარმომადგენლებს მოუწოდებს, აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან გამართული შეხვედრის ყველა დეტალი კარგად გაიაზრონ და მოლაპარაკებების მესამე რაუნდზე ყველა მხარისთვის მეტ-ნაკლებად მისაღები გადაწყვეტილებებით მივიდნენ.

“დიახ, ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების მოწოდებითა და პირველ რიგში, ქართული საზოგადოების მოწოდებით, ჩვენ მზად ვართ, არ ვიყოთ ხისთავიანები და არსებულ რეალობას ადეკვატურად შევხედოთ, მაგრამ მეორე მხარეს თუ მხოლოდ ხისთავიანები დაგვხვდებიან, შეთანხმებას ვერასდროს შევძლებთ. თუკი ირაკლი კობახიძის იმ განცხადებას შევხედავთ, ვიდრე ჩვენ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან ვიჯექით, მგონი, ხისთავიანები არიან – ეს იყო ხისთავიანების აბსურდული განცხადება. თუ ეს ადამიანები ასეთ ხისთავიანურ დამოკიდებულებას გააგრძელებენ, ეს ძალიან ცუდად დასრულდება“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.