ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი სამი სკოლის (მარელისის, წყალაფორეთისა და ვერტყვიჭალის) შენობების რეაბილიტაციას მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანსებს.
ტენდერში გამარჯვებული კომპანია „სამშენებლო საწარმოო გაერთიანება იმერეთის“ წარმომადგენელ დარეჯან ჭანკვეტაძის ინფორმაციით, წყალაფორეთის სკოლაში შენობის რეაბილიტაცია 12 ნოემბერს, მარელისის სკოლის – 18 ნოემბერს დაიწყო.
„ვერტყვიჭალის სკოლის შენობაში სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. როგორც კი შენობას გაათავისუფლებენ, ამ სკოლის რეაბილიტაციაც დაიწყება“, – ამბობს დარეჯან ჭანკვეტაძე.
მარელისის სკოლის მოსწავლეები სწავლას დროებით მარელისის ოპტიმიზირებული სკოლის შენობაში აგრძელებენ, წყალაფორეთის სკოლის მოსწავლეები – ვარძიის სკოლაში.
სამივე სკოლის რეაბილიტაციაზე 6 105 500 ლარია განსაზღვრული.