სერგო ჩიხლაძის განცხადებით, 21 ნოემბერს სად გაიმართება ე.წ. ცოცხალი ჯაჭვი, ოპოზიცია ხვალ შეჯერდება

323

„სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთი ლიდერის, სერგო ჩიხლაძის განცხადებით, 21 ნოემბერს, სავარაუდოდ, ე.წ. ცოცხალი ჯაჭვი გაიმართება, რაც მდუმარე, მშვიდობიანი აქცია იქნება.

როგორც მან ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, როგორ და რა ადგილზე გაიმართება აქცია, ამაზე ისინი ხვალ კიდევ ერთხელ იმსჯელებენ.

„დღევანდელ შეხვედრაზე ვიმსჯელეთ 21 ნოემბერს ჩასატარებელ აქციებზე. ამ ეტაპზე შევჯერდით, რომ ეს სავარაუდოდ იქნება „ცოცხალი ჯაჭვის“ სახით, ასევე მდუმარე, მშვიდობიანი აქცია. თუ სად გაიმართება, ამას უკვე ხვალ გავივლით. ჩვენ ვართ კონკრეტული პარტიის წარმომადგენლები და ამიტომ, პარტიის შიგნითაც უნდა შევჯერდეთ, გავაცნოთ ეს გადაწყვეტილებები. ხვალ უკვე შევიკრიბებით კონკერტულად დეტალებზე და ლოკაციებზე სამსჯელოდ. გარკვეული სტრატეგიული ადგილები იქნება, მაგრამ როგორ და რა ფორმით, ამაზე ხვალ ვიმსჯელებთ“,-განაცხადა ჩიხლაძემ.

მისი თქმით, არჩევნების მეორე ტურს „სტრატეგია აღმაშენებლიდან“ დამკვირვებლები აღარ დააკვირდებიან.

რაც შეეხება დებატებთან დაკავშირებით ხელისუფლების მოწოდებას, სერგო ჩიხლაძემ განმარტა, რომ ოპოზიცია დებატებისთვის მზად არის.

„დებატებზე ჩვენ გავეცით პასუხი, ოპიზიციაში შევჯერდით ამაზე. დებატების წინააღმდეგი ჩვენ არასდროს ვყოფილვართ, პირიქით, ყოველთვის ვითხოვდით დებატებს. ნორმალურ პირობებში, დებატები იმართება არჩევნების წინ და არა არჩევნების შემდეგ, მაგრამ ამ დებატზეც თანახმა ვართ. ჩვენ ვთქვით, რომ არა მარტო ერთ და რომელიმე სამთავრობო ტელევზიაში, არამედ დავუძახოთ ყველა ძირითად მაუწყებელს და ყველა ამ ტელევიზიის ჟურნალისტის მონაწილეობით შედგეს ე.წ. დებატები“, -განაცხადა ჩიხლაძემ.

მისი განმარტებით, ოპოზიცია მზად არის მოლაპარაკებებისთვის და ახლა ყველაფერი „ქართულ ოცნებაზეა“ დამოკიდებული.

ცნობისთვის, „ლელო საქართველოსთვის“ ოფისში ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა შედგა.