„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ფილიპ რიკერისა და ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრა იმის დასტურია, რომ აშშ-ს ესმის, რამდენად ღრმაა საქართველოში პოლიტიკური კრიზისი და როგორ სჭირდება ქვეყანას სტრატეგიული მოკავშირეების დახმარება.
როგორც ვაშაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, გზავნილი იყო ის, რომ არსებული ვითარებიდან გამომდინარე, მხარეებს შორის კომპრომისი უნდა გამოინახოს.
„უპირველეს ყოვლისა, უღრმესი მადლობა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს იმიტომ, რომ იმ ძალიან მძიმე დროს, რომელიც ჩვენ რეგიონში არის, მან მონახა საშუალება ჩამოვიდეს. ჩემი 45 – წლიანი გამოცდილებიდან გეუბნებით, ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ წამსვლელი ადმინისტრაციის, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტი არაფერს ნიშნავს, როგორც წესი, რუსეთის გავლენის აგენტები არიან. რეალურად, ძალიან ბევრს ნიშნავს. აშშ-ის პოლიტიკა საქართველოს მიმართ არის ორპარტიული. ის, რომ ელჩი რიკერი დარჩა საქართველოში და არ გაყვა სახელმწიფო მდივანს ისრაელში, იმის ინდიკაციაა, რომ ჩვენ სტრატეგიულ მოკავშირეს, ისევე როგორც ევროპის კავშირს შესანიშნავად ესმის, რაოდენ ღრმაა პოლიტიკური კრიზისი საქართველოში და როგორ გვჭირდება სტრატეგიული მოკავშირეების დახმარება, რომ გამოსავალი მოვნახოთ. ყურადღებით მოისმინეს ის, რაც ჩვენ ვუთხარით“,-განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
მისი თქმით, შეხვედრაზე ამერიკულ მხარეს მიაწოდეს ინფორმაცია იმ დარღვევების თაობაზე, რომელიც საპარლამენტო არჩევნებზე დაფიქსირდა.
„გზავნილი იყო ის, რომ გამომდინარე იქედან, თუ რაოდენ რთულია ეკონომიკური, სოციალური მდგომარეობა და ვითარება რეგიონში, რაოდენ რთულია ის, რომ მთელი მსოფლიო არის გაყინული და ებრძვის კორონავირუსს, სასწრაფოდ საჭიროა საქართველოში კომპრომისის მონახვა. ჩვენს უკან დგას საქართველოს ათასობით მოქალაქე, რომლებიც სამართლიანობის აღდგენას ითხოვენ“,-განაცხადა ვაშაძემ.
ცნობისთვის, დღეს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ფილიპ რიკერსა და ოპოზიციური პარტიების ლიდერებს შორის შეხვედრა შედგა.