შემოთავაზება იყო ის, რომ ხომ არ სჯობს ინსტიტუტების გამოყენებით სცადოთ ბრძოლის გაგრძელება, რაზეც ჩვენ ავუხსენით, რომ ამ ქვეყანაში ინსტიტუტები არ არსებობს, – ამის შესახებ „გირჩის” ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან, ფილიპ რიკერთან ოპოზიციის ლიდერების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, შეხვედრის მიზანი იყო, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს უშუალოდ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებისგან საპარლამენტო არჩევნების შეფასება მოესმინა.
„შეხვედრის მიზანი იყო, მოესმინა უშუალოდ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებისგან, ჩვენ როგორ ვაფასებთ სიტუაციას, ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, თუმცა მან საკუთარი ხედვაც გაგვიზიარა. არანაირი პირდაპირი მოწოდება არ ყოფილა. მისი მხრიდან შემოთავაზება იყო ის, რომ ხომ არს სჯობს ინსტიტუტების გამოყენებით სცადოთ გაგრძელება ბრძოლის, რაზეც ჩვენ ავუხსენით, რომ ამ ქვეყანაში ინსტიტუტები არ არსებობს. ის, რაც შეიძლება მუშაობდეს, რომელიმე განვითარებული ქვეყანაში, მაგალითად, სასამართლო, საქართველოში უბრალოდ არ არსებობს და ინსტიტუტების გამოყენებით ბრძოლა უშინაარსოა, თავს ხომ არ მოვიტყუებთ?! ასე ავუხსენით… ოპოზიცია ამ შემთხვევაშიც ერთიანი იყო. პარლამენტში კი ამ რეალობაში არც ერთი პარტია არ შევა“, – განაცხადა ჯაფარიძემ.