მარნეულის 2021 წლის ბიუჯეტის საჯარო განხილვა 24 ნოემბერს გაიმართება

409

მარნეულის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველი საჯარო განხილვა 24 ნოემბერს გაიმართება. საჯარო განხილვა მარნეულის მერიის დიდ საკონფერენციო დარბაზში 11:00 საათიდან დაიწყება.

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსმა ნინო ბერიძემ განაცხადა, რომ საჯარო განხილვაში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია.

„პროექტის ინიციატორია მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისია და მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ერთობლივად, განხილვა ჩატარდება მუხლობრივად. მასში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა დაინტერესებულ პირს, რა თქმა უნდა, იქნებიან საკრებულოს წევრები, მერიის წარმომადგენლები და დიდი სურვილი გვაქვს, რომ მოქალაქეებიც დიდი დოზით იქნებიან წარმოდგენილი“ – განაცხადა ნონო ბერიძემ

საკრებულოს აპარატის უფროსის განმარტებით, საჯარო განხილვაზე დაცული იქნება კორონავირუსის პრევენციის მიზნით შემუშავებული რეკომენდაციები. მოქალაქეები ვალდებული იქნებიან, რომ საჯარო განხილვას პირბადეებით დაესწრონ.

მოქალაქეებს მარნეულის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტში ცვლილებების შეტანის მიზნით შენიშვნების წარდგენა 25 ნოემბრამდე შეეძლებათ.

ნონო ბერიძის თქმით, ამ ეტაპისათვის მარნეულის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტში ცვლილებების შეტანის მიზნით არცერთი შენიშვნა არაა წარდგენილი.

ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, მარნეულის 2021 წლის ბიუჯეტი 29 603 600 ლარით განისაზღვრა.