მელია: ვიდრე არ ჩაინიშნება ახალი არჩევნები, აქციები სხვადასხვა ფორმისა და ხასიათის იქნება

300

„ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებით, ოპოზიციის აქცია, რომლითაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ, სხვადასხა ფორმით გაგრძელდება. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, აქციით, რომელიც აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს თბილისში ვიზიტის პარალელურად იმართება, საერთაშორისო საზოგადოებას თავიანთი პროტესტის შესახებ აცნობებენ.

„უდიდესი უმრავლესობა ერთ ჭკუაზე ვართ და ვამბობთ, რომ არჩევნები არ ჩატარდა, ან გაყალბდა და იქით მხარეს არის ბატონი ოლიგარქი. ეს დაპირისპირება დიდხანს ვერ გაგრძელდება. თუ გაგრძელდება, აუცილებლად რეჟიმის მარცხით გაგრძელდება. სანამ არ ჩაინიშნება ახალი არჩევნები, მსგავსი აქციები სხვადასხვა ფორმისა და ხასიათის იქნება. საერთაშორისო რეზონანსი სულ უფრო და უფრო მაღალი იქნება ამ აქციების მიმართ. მას შემდეგ, რაც შესაძლებლობა გვექნება ქვეყანაში ჩავატაროთ არჩევნები, მერწმუნეთ, ქუჩაში არავინ გამოვა გასაპროტესტებლად, ყველანი ვიქნებით მომართული იმისკენ, რომ ერთმანეთს შევეჯიბროთ საარჩევნო კამპანიაში, მაგრამ ეს შესაძლებლობა არათუ ჩამოგვერთვა ამ რეჟიმის მიერ, არამედ საერთოდ გვითხრა, რომ არჩევნებს აღარ ჩავატარებთო“, – განაცხადა მელიამ.