ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ პუტინთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აფხაზეთის რკინიგზის აღდგენის საკითხი კვლავ აქტუალურია, მთიან ყარაბაღში განვითარებული მოვლენების შემდეგ. ბჟანიას თქმით, ყარაბაღის მოვლენებმა “მრავალი რამ შეცვალა”.
“ამ კონტექსტში არის რკინიგზის პროექტი შესაძლებელი? მოვლენათა შესაბამისი განვითარების შემთხვევაში, შესაძლებელია. ახლო მომავალში ვითარება უფრო და უფრო ცხადი გახდება. შესაბამისად, მგონია, რომ ამ საკითხს უახლოეს მომავალში მივუბრუნდებით. ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები მთიან ყარაბაღში”, – განაცხადა ბჟანიამ.
ბჟანიას თქმით, უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე ერთხელ უკვე განიხილეს რკინიგზის საკითხი. მისი შეფასებით, რკინიგზის პროექტი გლობალური მნიშვნელობის იქნება ოკუპირებული აფხაზეთისთვის.
“ჩვენ გვსურს ამ პროექტის ამოქმედება და ვფიქრობ, ამისი დროც დადგება”, – განაცხადა ბჟანიამ.
აფხაზეთის პროექტის აღდგენის შესახებ ბჟანიასა და პუტინს შორის გამართულ შეხვედრაზე ინფორმაცია “დროებამ” 15 ნოემბერს გაავრცელა. “დროების” წყაროს ცნობით, საკითხზე კომუნიკაცია შედგა ბიძინა ივანიშვილთანაც. საკითხი ეხება სარკინიგზო მონაკვეთს, რომელიც 1992–1993 წლების აფხაზეთის ომის შემდეგ აღარ ფუნქციონირებდა.