სამოქალაქო მოძრაობის აქტივისტებმა რუსთავში, სოკოს საწარმო „თეთრ ქუდთან“ აქცია გამართეს

450

სამოქალაქო მოძრაობის „გავიგუდეთ“ აქტივისტებმა, რუსთავში, სოკოს საწარმო „თეთრ ქუდთან“ აქცია გამართეს. აქტივისტებმა საწარმოს შესასვლელ ცენტრალურ ჭიშკარს პროტესტის ნიშნად ბოქლომი დაადეს. მათი თქმით, ამ ფორმით მათ „თეთრი ქუდის“ მიერ გარემოს დაბინძურება გააპროტესტეს.

აქციის მსვლეობისას საწარმოს ტერიტორიაზე ავტომობილების შესვლა შეზღუდული იყო.

სამოქალაქო აქტივისტების განცხადებით, წლების განმავლობაში „თეთრი ქუდი“ გარემოს აბინძურებს და რუსთავის მოსახლეობას „თეთრი ქუდის“ კომპოსტის საწარმოდან, მძაფრი და უსიამოვნო სუნი აწუხებს. მათივე თქმით, საწარმოს ხელმძღვანელობამ არაერთხელ მისცა მოსახლეობას და აქტივისტებს დაპირება, იმაზე, რომ კომპოსტირების წარმოების ტექნოლოგიურ ციკლს შეცვლიდნენ და პრობლემა ამით აღარ იარსებებდა, თუმცა სიტუაცია არ იცვლება და რუსთავის მოსახლეობას დღემდე აწუხებს ის უსიამოვნო სუნი, რომელიც საწარმოდან ვცელდება.

აქტივისტები ადმინისტრაციისგან საჯარო განცხადების გაკეთებას ითხოვენ. მათი თქმით, „თეთრი ქუდის” ადმინისტრაციამ გადაჭრით უნდა განაცხადოს, როდის გადაწყდება რუსთავში უსიამოვნო სუნის გავრცელების პრობლემა.