ირაკლი კობახიძემ ოპოზიციას სატელევიზიო დებატები შესთავაზა

328

“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე ოპოზიციას დებატებში იწვევს. ეს ინიციატივა მან რუსთავი 2-ზე, გადაცემა “ღამის კურიერის” წამყვანებს გააცნო და შესაბამისი ფორმატი შესთავაზა. კობახიძის თქმით, იგი ოპონენტებს დებატებში დაარწმუნებს, რომ საარჩევნო დარღვევები “სპეკულაციებია”.

“გთავაზობთ რომ შევქნათ ფორმატი, სადაც ჩვენ დაგვიპირისპირდებიან ამ პარტიის წარმომადგენლები და გარწმუნებთ, რომ დამტკიცდება ყველა მათი მანიპულაცია და სპეკულაცია.

ახლა თემა ხომ არის კონკრეტული? – საარჩევნო დარღვევები, ხარვეზები, მანიპულაცია. დავსხდეთ დებატების ფორმატში და დავამტკიცებთ უტყუარად იმას, რომ ყველაფერი რასაც ისინი ამბობენ, გარდა ტექნიკური ხარვეზებისა, არის სპეკულაციები და მანიპულაციები”, – ამბობს ირაკლი კობახიძე.

31 ოქტომბერს ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ შედეგებს ოპოზიცია არ აღიარებს და მოქალაქეების ნაწილთან ერთად აქციებს მართავს, მათ შორის ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან. მთავარი მოთხოვნები: თამარ ჟვანიას გადადგომა, ხელახალი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაა.

მას შემდეგ, რაც ოპოზიციამ პარლამენტში შესვლაზე უარი თქვა, აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებები დაიწყო.