ჩუგოშვილი ოპოზიციაზე: რა მოთხოვნებსაც ისინი აყენებენ, სჭირდება პარლამენტი

379

პარლამენტში მმართველი გუნდის ყოფილი წევრი და დამოუკიდებელი დეპუტატი, თამარ ჩუგოშვილი ამბობს, რომ ოპოზიციის ზოგიერთ მოთხოვნასთან დაკავშირებით მას კითხვები უჩნდება. კერძოდ, ოპოზიცია ცენტრალური საარჩევნო კომისიის ახალი თავმჯდომარის არჩევას მოითხოვს. როგორც ჩუგოშვილი TV პირველის ეთერში აღნიშნავს, მისთვის გაუგებარია ეს მოთხოვნა, რომელიც მოწვევის პარლამენტმა უნდა შეასრულოს.

ჩუგოშვილის თქმით, ოპოზიცია ისეთ მოთხოვნებს აყენებს, რომელსაც პარლამენტი სჭირდება და ცვლილებებიც საკანონმდებლო ორგანოში უნდა განხორციელდეს.

“ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე უნდა დანიშნოს პარლამენტმა. ცვლილებებს ითხოვენ კანონმდებლობაში და ამ ყველაფერს სჭირდება პარლამენტი. და რომელი პარლამენტი აკეთებს ამას, ჩემთვის გაუგებარია. თუ ჩვენ, წინა მოწვევას გვთხოვენ ამის გაკეთებას, აბსოლუტურად სხვა მოცემულობაა. თუ თვითონ აპირებენ, ამისთვის ჯერ უნდა შევიდნენ პარლამენტში, გააკეთონ ეს ცვლილებები და მერე უნდა გავიდნენ ვადამდელ არჩევნებზე”, — ამბობს ჩუგოშვილი.

ოპოზიცია არ აღიარებს 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგებს. სწორედ ამის გამო ისინი საპროტესტო აქციებს აწყობენ. მათი მოთხოვნა ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომა, რიგგარეშე არჩევნების ჩატარება და პოლიტმატიმრების გათავისუფლებაა.

არჩევნებთან დაკავშირებით ელჩების შუამავლობით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები დაიწყო. შეხვედრები უკვე გაიმართა აშშ-ს ელჩის, კელი დეგნანის რეზიდენციაში და მას ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელიც ესწრებოდა.