თბილისის საქალაქო სასამართლოში პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შემაჯამებელი ოქმებისა და მაჟორიტარული სისტემით ჩატარებული შემაჯამებელი ოქმების ბათილად ცნობის თაობაზე “ნაციონალური მოძრაობის” საჩივრის განხილვა მიმდინარეობს.
როგორც პროცესის დაწყებამდე ,,რესპუბლიკური პარტიის” პოლიტიკურმა მდივანმა, „ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია – ძალა ერთობაშიას“ წევრმა თამარ კორძაიამ განაცხადა, მთელი პროცესი, რომელიც საჩივრების და სარჩელების განხილვას ეხებოდა სრულიად უკანონოდ მიმდინარეობდა.
მისივე თქმით, შემაჯამებელი ოქმები არ ასახავს ამომრჩევლის ნებას და სასამართლომ ისინი ბათილად უნდა ცნოს.
,,დღეს კიდევ ერთხელ ვეცდებით სასამართლოში დავამტკიცოთ ის, რომ არჩევნების შედეგები არის გაყალბებული და სასამართლომ ის უნდა გააუქმოს. მთელი პროცესი, რომელიც ეხებოდა საჩივრების და სარჩელების განხილვას, მიმდინარეობდა სრულიად უკანონოდ. მიგვაჩნია, რომ პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შემაჯამებელი ოქმები და მაჟორიტარული სისტემით ჩატარებული შემაჯამებელი ოქმებიც არ ასახავს ამომრჩევლის ნებას და ისინი ბათილად უნდა ცნოს სასამართლომ. ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენი არგუმენტები არის სიმართლე და იმედია, სიმართლის მხარეს რომელიმე მოსამართლე მაინც დადგება”, – აღნიშნა თამარ კორძაიამ.