ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისი დააზიანეს. პარტიის წევრის, მირდატ ქამადაძის განცხადებით, ჩამტვრეულია მინა. მისივე თქმით, შემთხვევა გუშინ მოხდა, როდესაც აჭარის მთავრობის სახლთან აქცია მიმდინარეობდა, ოფისში კი არავინ იყო. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.
ენმ-ის წევრი ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ კრიმინალებს კანონით დადგენილი წესით ებრძოლონ. ოფისების დარბევით კი ოპოზიციას ვერავინ დააშინებს.
მირდატ ქამადაძის განცხადებით, გამოძიება დაწყებულია, თუმცა არ აქვს ინფორმაცია იდენტიფიცირებულია თუ არა დამნაშავე.
ოპოზიცია მომხდარში ”ქართული ოცნების” ხელწერას ხედავს.
”ეს არის ”ქართული ოცნების” ხელწერა. ეს იყო კოორდინირებული ქმედება, გუშინ ხათუნა დეკანოიძის ავტომობილი დააზიანეს, ასევე ნიკა მელიას ოფისზე მოხდა თავდასხმა. სამწუხარო ფაქტია, რომ პოლიცია ნაცვლად იმისა, რომ იცავდეს კერძო საკუთრებას და ზოგადად ადამიანის უფლებებს, ისინი 31 ოქტომბერს კრიმინალებს იცავდნენ” – აცხადებს ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას.