“ქართული ოცნების” წევრი ბექა დავითულიანი აცხადებს, რომ არჩევნების მეორე ტურის დღეს “ნაციონალური მოძრაობის” მიერ დაანონსებული სირცხვილის კორიდორები არჩევანის უფლების აკრძალვის მცდელობაა.
15 ნოემბერს ბათუმში გამართულ საპროტესტო აქციაზე ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ლევან ვარშალომიძემ მხარდამჭერებს მოუწოდა, რომ 21 ნოემბერს საარჩევნო უბნებთან სირცხვილის კორიდორები გააკეთონ. მეორე ტურის დღეს ოპოზიცია საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავს, თუმცა რა სახის იქნება ის, დაზუსტებთ ჯერ უცნობია.
აღნიშნული განცხადება ბექა დავითულიანმა შეაფასა როგორც დემოკრატიასთან შეუთავსებელი, საგანგაშო მოვლენა, რომელიც მკაცრ და მკაფიო შეფასებას საჭიროებს.
“თუ დაანონსებული კამპანია გასცდება კანონიერების ფარგლებს, თქვენ იცით, რომ საარჩევნო უბნებსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მთელი რიგი აკრძალვები მოქმედებს, რეაგირება იქნება მკაცრი. თუ ამას არ გასცდება, ეს თავისი არსითა და ხასიათით მაინც არის ანტიდემოკრატიული მოქმედება, რადგან ხალხს, რომელსაც აქვს ერთი დღე ოთხ წელიწადში გამოხატონ საკუთარი პოლიტიკური პოზიცია, ნაციონალური მოძრაობა ცდილობს ხელი შეუშალოს”, — აღნიშნა დავითულიანმა.
მან მოუწოდა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, არასამთავრობო და სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, ასევე, პარტიებს, რომელთაც არ სურთ “ანტიდემოკრატიულ კამპანიაში მონაწილეობა”, აღნიშნულ განცხადება მკაფიოდ შეაფასონ.