„ევროპული საქართველოს“ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო დღეს გადაწყვეტილებას გამოაცხადებს

376

„ევროპული საქართველოს წევრის“ ბესიკ დონაძის განცხადებით, სასამართლო დღეს „ევროპული საქართველოს“ სარჩელთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას გამოაცხადებს.

„ევროპული საქართველოს“ საჩივარი ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არ დააკმაყოფილა, გამომდინარე აქედან, ჩვენ მივმართეთ სასამართლოს. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ვადაზე ადრე შეაჯამა არჩევნები და გავასაჩივრეთ შეჯამებაც. დღეს იქნება ერთი სარჩელის გამოცხადება, მეორე სარჩელის სხდომა ჩანიშნული ასევე დღეს. შემაჯამებელ ოქმამდე, კენჭისყრის პროცესი იყო მთლიანად ხარვეზიანი, ყველა პროცედურა მიმდინარეობდა ხარვეზით და შემდეგ უკვე ნახევარი უბნების შემაჯამებელი ოქმები დაიწერა ისე, რომ არ დგებოდა ბალანსი. ჩვენ ეს ოქმები აბსოლუტურად ყველა საოლქო საარჩევნო კომისიაში გავასაჩივრეთ, საოლქო საარჩევნო კომისიამ არცერთი უბანი არ გახსნა და არ გადათვალა. ეს დაუბალანსებელი ოქმები შეასწორა ზეპირად, დაიბარა კომისიები და ასე ზეპირად მხოლოდ „ქართული ოცნების“ უბნის წევრებს შეასწორებინა ოქმები. ამის შემდეგ სხვადასხვა ინსტანციაში გავასაჩივრეთ, თუმცა არსად არ დაკმაყოფილდა. ძალიან დიდი ხარვეზია, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია არ ელოდება სასამართლოს გადაწყვეტილებას და უკვე შეაჯამა უბნები. არანაირი მოლოდინი არ გვაქვს სასამართლოსგან, რადგან ამ გაყალბების სქემაში მონაწილეობას იღებს როგორც საოლქო კომისიები, ისე სასამართლოები. ამით კიდევ ერთხელ გამოჩნდება, რომ „ქართული ოცნება“ არანაირ სამართლებრივ ბრძოლის გზას არ ტოვებს და ერთადერთ გზად, ქუჩაში საპროტესტო აქცია რჩება”, – განაცხადა დონაძემ.

ცნობისთვის, დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლო ოპოზიციური პარტიების საჩივრებს განიხილავს. „ევროპული საქართველო” თბილისის საქალაქო სასამართლოში ცესკო-ს იმ გადაწყვეტილებას ასაჩივრებს, რომლის მიხედვითაც დაიწერა შემაჯამებელი ოქმი და ოფიციალურად დაინიშნა არჩევნების მეორე ტურის თარიღი.

შეგახსენებთ, საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ მიღებულ შემაჯამებელ ოქმებზე ოპოზიციური პარტიების მიერ შეტანილი საჩივრები ცესკომ არ დააკმაყოფილა. ცესკოს სხდომამ, რომელზეც ოპოზიციური პარტიების მიერ წარდგენილი საჩივრები განიხილებოდა, ხმაურით ჩაიარა.