სახელმწიფო მინისტრის აპარატი: საოკუპაციო რეჟიმის გულგრილობამ მორიგი ადამიანი იმსხვერპლა

429

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, 14 ნოემბერს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან ე.წ. ერგნეთის გადასასვლელის გავლით, სამკურნალოდ გადმოიყვანეს ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრები, რომელიც კლინიკაში ტრანსპორტირებისას გარდაიცვალა.

უწყების ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ სამედიცინო ევაკუაციის მომზადების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე განახორციელა საჭირო პროცედურები, პაციენტის მდგომარეობა მძიმე იყო და იგი სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანაში გარდაიცვალა.

ოკუპირებული ახალგორი ერთ წელზე მეტია ჩაკეტილია. ე.წ. გადასასვლელი პუნქტების გაუქმებამ კი, უწყების განცხადებით, უკვე 16 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი მოუწოდებს საერთაშორისო ორგანიზაციებს და პარტნიორებს, გააძლიერონ ზეწოლა საოკუპაციო რეჟიმზე.

„სამძიმარს ვუცხადებთ გარდაცვლილი ონისე გათენაშვილის ოჯახს. 14 ნოემბერს ,,წითელი ჯვრის” ჩართულობით, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან, ე.წ. ერგნეთის გადასასვლელის გავლით, სამკურნალოდ გადმოიყვანეს ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრები ონისე გათენაშვილი, რომელიც კლინიკაში ტრანსპორტირებისას გარდაიცვალა.

საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ “წითელი ჯვრისგან” სამედიცინო ევაკუაციის მომზადების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ განახორციელა ევაკუაციისთვის საჭირო პროცედურები. აღსანიშნავია, რომ პაციენტი იმყოფებოდა უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში და გარდაიცვალა სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანაში. ოკუპირებული ახალგორი ერთ წელზე მეტია ჩაკეტილია. ე.წ. გადასასვლელი პუნქტების გაუქმებამ უკვე 16 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

ოკუპანტები მოქალაქეებს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის საშუალებას არ აძლევენ, რაც მათ კრიტიკულად მნიშვნელოვან ჯანდაცვის სერვისებზე წვდომას უზღუდავთ. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი საქართველოს სხვა შესაბამის უწყებებთან ერთად, აგრძელებს ძალისხმევის განხორციელებას იმისთვის, რომ მოსახლეობას საოკუპაციო ხაზს მიღმა შეუმსუბუქდეს არსებული მძიმე მდგომარეობა, მიეცეს თავისუფალი გადაადგილების უფლება და ხელი არ შეეშალოს კრიტიკულად საჭირო დახმარების მიღებაში. ამ მიზნით, მოვუწოდებთ საერთაშორისო ორგანიზაციებს და პარტნიორებს გააძლიერონ ზეწოლა საოკუპაციო რეჟიმზე,“- ნათქვამია განცხადებაში.