აჭარის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების შემაჯამებელი ოქმი ოპოზიციის პროტესტის ფონზე მიიღო

600

აჭარის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების შემაჯამებელი ოქმი ოპოზიციის პროტესტის ფონზე მიიღო.

„ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გიორგი კირთაძის განცხადებით, უსკო-ს ოქმი ძალიან მალე გაუქმდება.

„უამრავი გაყალბების მიუხედავად, უსკო-მ მიიღო შემაჯამებელი ოქმი. მაგალითისთვის ქობულეთში მმართველი გუნდის კანდიდატს გაამარჯვებინეს 22 ხმით იმ დროს, როცა დაიკარგა და გაბათილდა ათასობით ბიულეტენი, მაგრამ მაინც მივაღწევთ ხელახალ არჩევნებს და გარწმუნებთ, ძალიან მალე გაუქმდება უსკო-ს ეს ოქმიც“, – განაცხადა გიორგი კირთაძემ.

უსკო-ს თავმჯდომარის, პარმენ ჯალაღონიას განცხადებით კი, საარჩევნო კომისიამ იმოქმედა კანონის სრული დაცვით და პრეტენზიები, რომელიც ისმოდა ოპოზიციის მხრიდან, უსაფუძვლო იყო.

„მესმის, რომ ყველა ადამიანს აქვს პროტესტისა და სიტყვის გამოხატვის თავისუფლება. მე ვერ შევალ პოლიტიკურ შეფასებებში. მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ უმაღლეს საარჩევნო კომისიაში არ შემოსულა არც ერთი საჩივარი შემაჯამებელ ოქმებთან დაკავშირებით და ვერ მოხდებოდა იმის განხილვა, რაც ბუნებაში არ არსებობს“, – განაცხადა პარმენ ჯალაღონიამ.

უსკო-ს დღევანდელ სხდომაზე შეჯამდა პროპორციული არჩევნების შედეგები და ორ მაჟორიტარულ ოლქში 21 ნოემბრისთვის ჩაინიშნა არჩევნების მეორე ტური. უსკო-ს მონაცემებით, აჭარის უმაღლეს საბჭოში ბარიერი ორმა პარტიამ – „ქართულმა ოცნებამ“ და ნაციონალურმა მოძრაობამ გადალახა. მმართველმა გუნდმა მოიპოვა მანდატების უმრავლესობა. ასევე ქობულეთის ოლქში მმართველი გუნდის მაჟორიტარობის კანდიდატმა გაიმარჯვა, ბათუმისა და მთიანი აჭარის ოლქებში კი, მეორე ტური გაიმართება.