გიორგი კახიანი: მოსახლეობის ნების რევიზია არ განიხილება, მათ გამოხატეს პოზიცია არჩევნებზე

1014

მივესალმებით, რომ მოლაპარაკებების პროცესი დაიწყო და ერთი შეხედვით, ასევე მისასალმებელია ის კომენტარები, რომელიც ოპოზიციური წარმომადგენლების მხრიდან გაკეთდა მოლაპარაკებების შემდგომ, – განაცხადა „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა, გიორგი კახიანმა.

„ვგულისხმობ ამ კომენტარების კონსტრუქციულობასა და სურვილის იმისა, რომ კონკრეტულ საკითხებზე შევთანხმდეთ. დარწმუნებული ვარ, ამ მოლაპარაკებების ფარგლებში ოპოზიციის მხრიდან თუ იქნება ასეთივე კონსტრუქციული დამოკიდებულება, საბოლოო ჯამში მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელი.

რაც შეეხება კომპრომისს, მგონია, ძალიან კარგად გვესმის, რომ მოსახლეობის ნებიდან მოხდება ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღება. ანუ მოსახლეობის გადაწყვეტილების რევიზია ბუნებრივია ვერ მოხდება ვერანაირად“, – აცხადებს კახიანი.

მისივე თქმით, ხელისუფლება მზად არის, არჩევნებთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე იმსჯელოს.

„შევეცდებით, რომ ჩვენი სწორი პოზიციები ავუხსნათ ოპოზიციის წარმომადგენლებს და ყველას უნდა გვესმოდეს, რომ მოსახლეობამ არჩევნებზე გამოხატა თავისი ნება. ეს ნება არის უზენაესი ხელისუფლებისთვისაც და ოპოზიციის წარმომადგენლებისთვისაც უნდა იყოს მთავარი და მნიშვნელოვანი“, – განაცხადა კახიანმა.

ამასთან, შეკითხვაზე, რომ ცესკო-ს ხელახალი ფორმირება და განმეორებით არჩევნები თუ განიხილება, გიორგი კახიანმა ჟურნალისტებს განუცხადა: „შევეცდები, ჩემს კომენტარებში ასევე ვიყო მოზომილი, გამომდინარე იქიდან, რომ არ დავაზიანო ის პროცესი, რომელიც ძალიან კარგია, რომ დაიწყო და ჯერჯერობით, ძალიან კონსტრუქციულ რეჟიმში მიმდინარეობს. ამიტომ ნებისმიერი საკითხი, რომელიც დაისმება ამ მოლაპარაკებაზე, ბუნებრივია, იქნება მსჯელობისა და განხილვის საგანი. თუმცა მოსახლეობის ნების რევიზია ბუნებრივია არ განიხილება. მოსახლეობამ გამოხატა თავისი მოსაზრება, თავისი პოზიცია არჩევნებზე და ცხადია, ჩვენ ყველამ პატივი უნდა ვცეთ მოსახლეობის გადაწყვეტილებას“, – აღნიშნა კახიანმა.