ცესკოში არჩევნების შედეგს აჯამებენ, პარალელურად გარეთ საპროტესტო აქცია იმართება

378

ცენტრალური საარჩევნო კომისია სხდომას მართავს.

დღის წესრიგის მიხედვით, სხდომაზე კომისიის წევრებმა 22 საკითხზე უნდა იმსჯელოს. პირველი საკითხი, რაზეც კომისია იმსჯელებს, ოპოზიციური პარტიების მიერ საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ მიღებული შემაჯამებელი ოქმებზე ოპოზიციური პარტიების მიერ შეტანილი საჩივრების განხილვაა.

სხდომაზე კომისიის წევრებმა ასევე უნდა შეაჯამონ 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის სხვა სახელმწიფოში შექმნილი საარჩევნო უბნების კენჭისყრის შედეგები. დღის წესრიგით უნდა შეჯამდეს პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგებიც, ასევე მაჟორიტარული სისტემით ჩატარებული არჩევნების პირველი ტურის შედეგები და უნდა იმსჯელოს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩევნების მეორე ტურის დანიშვნის შესახებ განკარგულებაზეც.

სხდომის დაწყებამდე ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომაზე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თედო გობეჯიშვილს ხსოვნას.

დღევანდელ სხდომაზე დასწრებას გეგმავენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც. ცესკო-ში უკვე იმყოფებიან „ევროპული საქართველოს“ წევრები, რომლებიც სხდომაზე გეგმავენ  უშუალოდ იმ საჩივრებზე საუბარს, რომელიც მათი მხრიდანაა შეტანილი. ისინი 30-ვე საოლქო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმების ბათილად ცნობს ითხოვენ.

ამასთან, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმდებარე ტერიტორიაზე აქტივისტების ჯგუფი აქციას მართავს.

აქციას ოპოზიციური პარტიების ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები მართავენ.

აქციის მონაწილეები 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ.

მათ ცესკო-ს შენობასთან არსებულ ჯებირებს ხელ-ფეხს ურტყამენ და აცხადებენ, რომ პროტესტის ხმას ცესკო-ში მყოფ პირებს გააგონებენ. ასევე, აქციის მონაწილეებმა რკინის ჯებირებზე სტიკერები გააკრეს.

პარალელურად, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სხდომა მიმდინარეობს.