ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტი, წინასწარი მონაცემებით, 8 მლნ ლარით განისაზღვრა

310

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტი, წინასწარი მონაცემებით, 8 მილიონი ლარით განისაზღვრა. მერიამ ბიუჯეტის პროექტი საკრებულოს განსახილველად 15 ნოემბერს უნდა წარუდგინოს. ამის შესახებ ჩემი ხარაგაული წერს.

ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი ადგილობრივი ბიუჯეტიდან, 2020 წლის მსგავსად, მომავალი წლისთვისაც 110 ათას ლარს ითხოვს.

კორონავირუსის პანდემიის გამო 2020 წელს მარტიდან სექტემბრამდე ღონისძიებებისა და სხვა ხარჯებისთვის განსაზღვრული ფინანსებიდან 2 ათასი ლარი დაეზოგათ. ამ თანხით წყლის ავზი, დეზობარიერები, სადეზინფექციო ხსნარები და ჰიგიენის საშუალებები შეიძინეს.

მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის დირექტორი მაია ბლუაშვილი ამბობს, რომ 2020 წლის 1 ნოემბრიდან ღონისძიებების მენეჯერის შტატი დაამატეს და ამჟამად 23 თანამშრომელი ჰყავთ. ახალი შტატისთვის ხელფასის ასანაზღაურებლად თანხის დამატება მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან არ სჭირდებათ.

2021 წელს მისაღები სუბსიდიიდან 103 ათასი ლარი ხელფასებში გაიხარჯება, 7 ათასი ლარი განსაზღვრულია ღონისძიებებისთვის, კომუნალური და სხვა ხარჯებისთვის.

მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში გალობას, მაკრამეს, ხელგარჯილობას, საესტრადო სიმღერების, ხატვის, ლიტერატურული თეატრის, ნორჩი მათემატიკოსის, ინგლისური ენის, მხარეთმცოდნეობის შემსწავლელი წრეები ფუნქციონირებს.

ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლს მარელისის სკოლაში აქვს ხის მხატვრული დამუშავების, ლეღვნის სკოლაში – ხალხური საკრავების, ხოლო ბორითის სკოლაში – კომპიუტერის შემსწავლელი წრეები.

ხარაგაულსა და ვერტყვიჭალაში, მოსწავლეთა სახლთან ფუქციონირებს სამუსიკო სტუდია „ჰარმონია“.

„ჩვენი სუბსიდიის 80% სახელფასო ფონდში იხარჯება, – ამბობს მაია ბლუაშვილი, – არაფერი ცვლილება არ არის არც წრეების დამატებისა და არც დაფინანსების გაზრდის კუთხით. კორონავირუსის პანდემიის გამო მოსწავლეებს ვეღარ ვამეცადინებთ. შევადგინეთ საახალწლო ღონისძიების გეგმა. თუმცა, არ ვიცით, რა მდგომარეობა იქნება“.