ახალციხის საკრებულოში “ევროპული საქართველოს” წევრებმა პარტია დატოვეს

389

ახალციხის საკრებულოში ფრაქციას „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისათვის“ სახელი შეუცვალეს და „განვითარებული ახალციხე“ დაარქვეს. დეპუტატები ამბობენ, რომ გადაწყვეტილება “ევოპული საქართველოს” პარტიის დატოვების შემდეგ მიიღეს. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.

დეპუტატებმა საკრებულოს, ფრაქციის სახელწოდების შეცვლის მოთხოვნით, ერთი თვის წინ მიმართეს.

„ევროპული საქართველო დავტოვეთ, სხვა პარტიაში არ გადავსულვართ, ჩვენ დამოუკიდებელი დეპუტატები ვართ, უბრალოდ ფრაქციას სახელი შეეცვალა“, – ამბობს ფრაქციის წევრი ეკა ტატალაშვილი, თუმცა, არ განუმარტავს რა გახდა პარტიიდან წამოსვლის მიზეზი.

ეკა ტატალაშვილი „ევროპული საქართველოდან“ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დეპუტატად 2018 წლის 7 სექტემბერს შევიდა, მან გელა დემეტრაძე ჩაანაცვლა.

ცნობისთვის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე ორი თვით ადრე, „ევროპული საქართველო“ დატოვეს ახალციხის შტაბის ხელმძღვანელმა, გელა დემეტრაძემ და კიდევ რამდენიმე წევრმა. ისინი „ნაციონალურ მოძრაობაში“ ვაჟა ჩიტაშვილის კანდიდატურის მხარდასაჭერად დაბრუნდნენ.

დღეის მდგომარეობით ახალციხის საკრებულოში ხუთი ფრაქციაა.