თამარ კორძაიამ ცესკოში საოლქო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელ 29 ოქმთან დაკავშირებით საჩივარი შეიტანა

423

“რესპუბლიკური პარტიის” პოლიტიკურმა მდივანმა, გაერთიანებული ოპოზიციის „ენმ – ძალა ერთობაშიას“ წევრმა თამარ კორძაიამ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საოლქო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელ 29 ოქმთან დაკავშირებით საჩივარი შეიტანა.

კორძაიას თქმით, მათ საჩივარი მხოლოდ რაჭის შედეგებთან დაკავშირებით არ შეაქვთ, რადგან აღნიშნულ რაიონში წარმომადგენელი არ ჰყავდათ.

“საოლქო საარჩევნო კომისიებმა მაჟორიტარულ და პროპორციულ არჩევნებში შემაჯამებელი ოქმები შეადგინეს ისე, რომ არც ერთი საჩივარი არ განუხილავთ, არც ერთი სერიოზული პრობლემა არ განუხილავთ, ფორმალურად დააჯამეს შემაჯამებელი ოქმები, ამიტომ ჩვენ ვასაჩივრებთ საოლქო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელ ოქმებს. შევიტანეთ 29 ოქმთან დაკავშირებით საჩივარი, არ ვასაჩივრებთ რაჭის შედეგებს იმიტომ, რომ იქ წარმომადგენლები არ გყავდა და არ გვქონდა დაწერილი საჩივრები”, – განაცხადა კორძაიამ.

მისივე თქმით, თუ ცესკო საჩივრებს არ დააკმაყოფილებს პარტია სასამართლოს მიმართავს.

“ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ყველა საჩივარი უნდა განიხილოს ცალცალკე. ამჯერად ვერანაირ ხარვეზს ვერ დაადგენს განუხილველობასთან დაკავშირებით და ველოდებით მის შინაარსობრივ განხილვას. თუ არ დაგვიკმაყოფილებს ცესკო ამ საჩივრებს, რა თქმა უნდა, წავალთ სასამართლოში”, – განაცხადა კორძაიამ.

ამასთან, დღესვე ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აბსოლუტურად ყველა ოლქის ყველა შემაჯამებელ ოქმთან დაკავშირებით საჩივარი შეიტანა პარტია “ევროპულმა საქართველომ”.

როგორც “ევროპული საქართველოს” იურისტმა ანა ჯიქურიძემ განაცხადა, უამრავი ოქმია, სადაც აბსოლუტური დისბალანსია.